- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რეგიონალური ქვედანაყოფის სპეციალისტი კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებთან, რომელთაგანაც, სამსახურებრივი მფარველობისა და დარღვევებზე რეაგირების განუხორცილებლობის სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდულობით, იღებდა შესაბამის თანხებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადასტურდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი „რ.ხ.“ მფარველობას უწევდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ „მ.ნ.“-ს, რომელმაც „რ.ხ.“-ს გაწეული მფარველობის სანაცვლოდ, ორჯერ, პირად ანგარიშზე ჩაურიცხა შესაბამისი თანხა. ხოლო, ერთ შემთხვევაში – ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არ შეადგინა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის სანაცვლოდაც ერთ-ერთი მეწარმისგან მიიღო სამშენებლო მასალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „რ.ხ.“ ინფორმაციას აწვდიდა მეწარმეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გადაადგილებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტების დაფარვის მიზნით.
შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 338-ე და 339-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.