- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრმა (ხელმძღვანელი: მერაბ კაკალია) ნოდარ წულეისკირის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, მონოსპექტაკლის “სისა ტურა” პრემიერა გამართა. სპექტაკლი ზუგდიდელი, ნორჩი მსახიობის, მეორე საჯარო სკოლის მეექვსე კლასელის, ქეთი მაქაცარიას შესრულებით ჩატარდა, რომელმაც სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგო.
ქეთა მაქაცარია: – ყოველთვის მინდოდა მსახიობი გავმხდარვიყავი. ხშირად ვუყურებდი ფილმებს და შემდეგ ამა თუ იმ მსახიობის იმიტაციას ვაკეთებდი. როგორც მეუბნებიან, კარგად გამომდიოდა. დედამ გადაწყვიტა მოსწავლე-ახალგაზრდობის საყმაწვილო თეატრში შევეყვანე და აქიდან იწყება ყველაფერი. ჩემი პირველი მონოსპექტაკლი იყო “ჩხივთა ქორწილი”. სპექტაკლზე დიდხანს ვმუშაობდით. თავიდან იყო შიშები, დაძაბულობა და ნერვიულობა. მე ხომ პირველად ვხვდებოდი მსახიობის რანგში მაყურებელს. მგონი, სპექტაკლი სტუმრებს მოეწონათ.
-ქეთა, ორიოდ სიტყვით “სისა ტურაზე”..
-“სისა ტურაზე” დაახლოებით, ორი თვე ვმუშაობდით. სხვადასხვა პერსონაჟის მორგება ცოტა გამიჭირდა, მაგრამ დავძლიე. როცა სცენაზე ვდგავარ და ვანსახიერებ ამა თუ იმ პერსონაჟს, მაშინ მხოლოდ ჩემს მაყურებელზე ვფიქრობ. ბატონი მერაბი კარგი მასწავლებელია, მაქსიმუმს დებს ადამიანში. სცენაზე გასვლის წინ, მუდამ მამხნევებს და რჩევებს მაძლევს. სპექტაკლის დასასრულს მითხრა: “რასაც ველოდი, იმაზე უკეთესად გამოვიდაო”. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები, ჩემთვის სტიმულის და მოტივაციის მომცემია.
-რა მიიღე სპექტაკლით?
-გამოცდილება და თავდაჯერებულობა. მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის და შენი შესაძლებლობების.
-რა არის ის თვისება, რაც მსახიობს უნდა ჰქონდეს?
-რწმენა და თავდაჯერებულობა. მსახიობმა პერსონაჟის ემოცია, განწყობა მაყურებლებამდე უნდა მიიტანოს.
-თეატრი თუ კინო? სად წარმოგიდგენია შენი თავი?
-თეატრალურზე ვაბარებ. ვფიქრობ, მსახიობმა თეატრშიც და კინოშიც უნდა ითამაშოს.
-სკოლა როგორ შეხვდა შენს წარმატებას…
-სკოლა მუდამ მგულშემატკივრობს. სპექტაკლ “სისა ტურას” სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო ბულია, პედაგოგი მაია გახარია და კლასელები ესწრებოდა. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის.
-შენი ჰობი?
-ბევრი ჰობი მაქვს. მიყვარს ხატვა, ნოველებს ვწერ. ასევე მიყვარს კალათბურთის თამაში.
-შენი გულშემატკივარი?
-ჩემი გულშემატკივარი გახლავთ ოჯახი: დედა მაია ნაყოფია, მამა დათო მაქაცარია და ჩემი და და ძმა. ისინი ჩემს ნებისმიერ წამოწყებულ საქმეს მხარს უჭერენ.
ქეთას წარმატებებზე და მის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე გვესაუბრება ცნობილი ზუგდიდელი მსახიობი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრის ხელმძღვანელი, მერაბ კაკალია: “შეხვედრისთანავე შევამჩნიე, რომ ქეთას აქვს თანდაყოლილი ნიჭი სწორად განჭვრიტოს და გააკეთოს ანალიზი ამა თუ იმ პერსონაჟის სახის გამოძერწვის დროს. მას აქვს უზღვავი შინაგანი ენერგია, რომელსაც მთლიანად ხარჯავს როლზე მუშაობის დროს. სწორედ, ამიტომ ავიღეთ ჩხიკვთა ქორწილი. მაინტერესებდა გაართმევდა თუ არა თავს, ამ რთულ ნაწარმოებს. ჩემდა გასაოცრად მივიღეთ დადებითი რეზულტატი. ამან მიბიძგა გვემუშავა “სისა ტურაზე” შესრულების თვალსაზრისით უფრო რთულ ნაწარმოებზე. მიუხედავად ასაკისა, ქეთამ შესაშური მონდომება და ნიჭი გამოავლინა და აქაც დიდ წარმატებას მიაღწია. მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ უფრო დიდი მწვერვალები დაიპყროს. ღვთით მომადლებული ნიჭი, მეტყველება, ხმა და რაც მთავარია, დაუღალავი შრომა”.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ