- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული საფასურის გაუქმებას ითხოვს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ინიციატივა “ენმ” საკრებულოში დღეს დაარეგისტრირა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი და რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ავრცელებს.
“როგორც მოგეხსენებათ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ქართულმა ოცნებამ გახადა ფასიანი, რატომღაც ჩათვალა რომ ზუგდიდელები გამდიდრდნენ. ბოტანიკური ბაღში შესვლაზე ფასის დაწესება ნიშნავს, რომ ზუგდიდელების დიდი ნაწილი ვერ ისარგებლებს ბოტანიკური ბაღით. არადა, ზუგდიდელებისთვის ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ისტორიულად თაობები გაიზარდა და ზუგდიდელების დიდი ნაწილი სწორედ აქ ვატარებთ დღეების დიდ ნაწილს. თან ერთადერთი მსგავსი სივრცეა.
ამის გათვალისწინებით, ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის საკრებულოში დაარეგისტრირა ინიციატივა საკრებულომ გააუქმოს ბოტანიკურ ბაღზე დაწესებული ტარიფი და ბოტანიკურ ბაღში შესვლა იყოს უფასო.
არგუმენტი, რომ ბოტანიკურ ბაღს მოვლა პატრონობა სჭირდება ვერ იქნება გათვალისწინებული, ბიუჯეტის სწორად მართვის პირობებში ზუგდიდის ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა გააჩნია ისე, რომ ზუგდიდელებს არ დააწვეთ ეგ ტვირთად. საკრებულოს სხდომას, სადაც აღნიშნული საკითხი დადგება განსახილველად წინასწარ გეტყვით, ყველა დაინტერესებულ პირს მიუხედავად პოლიტიკური პარტიების შეგიძლიათ დაესწაროთ, დარწმუნებული ვარ ბევრს ქართული ოცნებიდანაც იგივე პოზიცია აქვს”.