“არ იცით, როგორ დააყენოთ მოთხოვნა და მერე მუდმივად ხართ გადაგდებულები”… ,,მუდამ ფეხზე ხართ დაკიდებულები, ზუგდიდელებო…” “უნდა ვისწავლოთ სიმართლის თქმა და ხელუფლების მაშინვე კედელთან მიყენება და მოთხოვნა, როცა ის აფუჭებს საქმეს, მაშინვე, როცა ის თავს გვახვევს ტყუილს და როცა ის დაკავებულია საკუთარი ინტერესების საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა დაყენებით”- ასე მიმართა საზოგადოებას “სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელმა თენგიზ ჯგუშიამ. თუმცა ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა არა მარტო რიგით ზუგდიდლებს შეუძახა, გონს მოდით და დროზე ამოიღეთ ხმაო, არამედ სამეგრელოს გუბერნატორსაც, ზუგდიდის მერსაც, გამგებელსაც, საკრებულოების თავმჯდომარეებსაც, სამართალდამცავებსაც და არაერთი საყვედური გამოთქვა მათ მიმართ. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე უფრო ფიქრობენ ვიდრე ხალხზე. „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი შეეხო პროექტ „კაზანტიპს“. მისი სიტყვებით, ამ ფესტივალის წარუმატებლობის შედეგებზე პასუხი უნდა აგოს გუბერნატორმა ლევან შონიამ, მაგრამ როგორც ჯგუშია ამბობს, თავად ზუგდიდელებსაც არ უნდა დაეჯერებინათ ,,ათდღიანი ეკონომიკური სასწაული” და ახსენებს მათ, რომ ამ ყველაფერზე მან წინმსწრებად უკვე გააფრთხილა საზოგადოება. თენგიზ ჯგუშია გუბერნატორს ,,მილების საქმეშიც” ადანაშაულებს, მაგრამ იქვე საზოგადოებასაც სდებს ბრალს, რომ ხმა არ ამოიღეს. ,,ზუგდიდელები” გთავაზობთ თენგის ჯგუშიას მიმართვის ვიდეოჩანაწერს, რომელიც ,,ლაივპრესმა” მიაწოდა საზოგადოებას.