- სამეგრელოს ეთნოგრაფიის დიდი გულშემატკივრის, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთგული მეგობრის, ბატონი ვახტანგ ხარებავას უშუალო ხელმძღვანელობით აღდგენილია მრავალი ოდა სახლი სამეგრელოში. მას, საკუთარ კარ-მიდამოში, სოფელ ჩხორიაში მოწყობილი აქვს მე-19 საუკუნის მეგრელთა საცხოვრისი: ოდა სახლი, საბზადი, ფაცხა, ჯარგვალი, მაღაზა, ბაღუ.
მის საკუთრებაშია, ზუგდიდში, ერთ-ერთი უძველესი, 128 წლის მარანი, რომელიც მის მიერაა სრულად აღდგენილი, განთავსებული კერძო სახლის პირველ სართულზე, ნახევრად სარდაფში.
მეგრული მარანი (ობენე) არის მისი გატაცება. დღესაც, ჩვეული ენერგიით აგრძელებს მუშაობას. სამეგრელოში თითქმის ყველამ იცის მისი ეთნო-სოფელი ჩხორიაში.
თავის ქვეყანაზე, კუთხეზე უზომოდ შეყვარებულს, სანიმუშოდ აქვს მოვლილ-ნაპატრონევი მშობლიური სოფლის კარ-მიდამო. საკუთარ მარანში ხშირად მასპინძლობს ზუგდიდის საპატიო სტუმრებს.
სიძველეების მოყვარულმა, მუზეუმს, ღვინის სადეგუსტაციო სივრცის მოსაწყობად საჩუქრად გადასცა საუკუნოვანი მეგრული საწნახელი და წიგნი-ალბომი “ქართული ღვინო“.
მისი კონსულტაციით, უფლისწულის სასახლის გარე სარდაფში ეწყობა ღვინის სადეგუსტაციო სივრცე, სადაც იგეგმება სამეგრელოში გავრცელებული ვაზის ჯიშებისაგან დაყენებული ღვინოების, ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, შესაბამისად სახელიც მეგრული შეირჩა – „ობენე“- მარანი.
მადლობას ვუხდით ბატონ ვახტანგ ხარებავას (Bela Qobalia) საჩუქრებისა და უფლისწულის ,,ობენეს“ მოწყობაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისათვის.
ინფორმაციას დადიანების სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს
