წლების უკან, დეკემბრის თვეში, საქართველოში ძმათამკვლელი ომი დაიწყო, დამხობილ იქნა კანონიერი ხელისუფლება, პუტჩმა ქვეყანა და ადამიანები გატეხა, საქართველოს მძიმე პოლიტიკური-ეკონომიკური ჟამი დაუდგა. სოსო ლაგვილავამ, რომელიც ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელია, თავის ზურგზე გადაიტანა საქართველოს უმძიმესი წლები და დღეები. წლების მანძილზე, ბატონი სოსო, იყო დევნილობაში, მაგრამ ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია.
-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ დღევანდელ სიტუაციას?
-ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ თუ ირიბად, დაკავშირებულია მსოფლიო პოლიტიკურ სიტუაციასთან, რომელიც ძალზე დაძაბულია, ხოლო შიდა პოლიტიკა – ძალზე აჭრელებული. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასობით პოლიტიკურ პარტიას თუ ორგანიზაციას ვერანაირი დადებითი მოაქვს ხალხისთვის და შესაბამისად, საზოგადოებაც დაყოფილია მემარჯვენეებად, მემარცხენეებად, დემოკრატებად, ლიბერალებად, ნაციონალებად და ა.შ. ამასთან, ყველას მიაჩნია, რომ მათი პლატფორმაა ყველაზე უტყუარი, სამაგალითო და სასიკეთო. არადა, სამშობლოს სჭირდება ეროვნულ შეგენებასა და პლატფორმაზე მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი სამშობლოს ერისა და ხალხის კეთილდღეობისკენ, ჩვენ უზენაესმა გვარგუნა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, თავისი გეოპოლიტიკური ადგილით, უმდირესი ფლორა-ფაუნით, ბუნებრივი წიაღისეულით, შრომისმოყვარე, ნიჭიერი, სტუმართმოყვარე და მებრძოლი ხალხით, მაგრამ ეს ხალხი უნდა ცხოვრობდეს უკეთესად, არ უნდა შიოდეთ, არ უნდა უჭირდეთ და არ უნდა ეშინოდეთ ხვალინდელი დღის. რომ არა 90-იანი წლების მოვლენები, საქართველო დღეს ერთ-ერთი მოწინავე და აყვავებული ქვეყანა იქნებოდა. მაშინ როცა სამშობლო დაადგა აღმავლობის გზას, აღდგა ქვეყნის დამოუკიდებლობა, საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-დემოკრატიულ-ქრისტიანული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, სწორედ მაშინ დაირაზმნენ ქვეყნის შიდა და გარე მტრები, მოახერხეს სახელმწიფო კრიმინალური გადატრიალება, გააჩაღეს სამოქალაქო ომი, გაანადგურეს ქვეყნის ეკონომიკა, დაირღვა ტერიტორიული მთლიანობა, მოკლეს ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხი დარჩა ულუკმაპურო, მშიერ-მწყურვალი, გაუბედურებული. დღეს კი გვიკვირს, როგორ გადავრჩით, როგორ გავუძელით ქვეყანაში ამ ყოველივეს. ამჟამდ, კვლავ მოგვეცა შანსი ვუპატრონოთ ქვეყანას. იმ არც თუ შორეულ წლებში ერთად რომ ვმდგარიყავით, თავიდან ავიცილებდით უბედურებას, მაგრამ ზოგიერთს ეგონა მათ არაფერი არ შეეხებოდა და შორიდან უცქერდნენ მოვლენებს. სწორედ პატიოსანი მშრომელი ხალხი დაზარალდა. ხოლო მოღალატეებმა და მედროვეებმა მოითბეს ხელი სხვისი უბედურებით. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, მივხვდებით და დავრწმუნდებით ამ ჭეშმარიტებაში. თუმცა მომავალი სასიკეთოა და ოპტიმისტური. ქვეყნის ასაყვავებლად 3-5 წელიწადი არ კმარა.
– ეროვნული მოძრაობის წლებიდან რას გაიხსენებდით?
-დავიწყოთ, იმით რომ ეროვნული მოძრაობა ჩვენთვის იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის, ერისა და ხალხის კეთილდღეობისათვის, უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის ასპარეზი. საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ღალატისა, ტერორისა და რეპრესიებისა, გაუძლო ყოველნაირ გამოწვევას -აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ ვინ დაგვაცალა? პირიქით, ყველაფერი გააკეთეს ეროვნული მოძრაობის მონაპოვართა გასანადგურებლად. თუმცა, საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიეს. დღეს ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო, მთელი რიგი თავმოხვეული პრობლემებით, რომელსაც გამკლავება სჭირდება. ეროვნულებს კი მეტი ძალისხმევა – ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის ამაღლების გზაზე.
პირადად მე, ეროვნულ მოძრაობაში 1989 წლის 9 აპრილიდან ჩავები. არ მოვსულვარ ქუჩიდან, ვიყავი კომკავშირელიც, აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივ საქმეებში წარმატებული ახალგაზრდა სპეციალისტი და სამეურნეო ხელმძღვანელი, ზუგდიდის აგროსმარეწველო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, რაიკომის წევრი, გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საბჭოს ხელმძღვანელი და ა.შ. და როცა აუცილებელი გახდა ჩემს კარიერულ პერსპექტივას ვარჩიე ეროვნულ მოძრაობაში რიგითი წევრობა, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვა მოღვაწეთა გვერდით დგომა. თუმცა ეს გზა იყო მეტად ეკლიანი და მძიმე. მე მაიც ვამაყობ განვლილი გზით. გავუძელი რეპრესიებს, ღალატს, დევნილობას, თავისუფლების აღკვეთას და უამრავ უბედურებას, მაგრამ მეამაყება ის, რომ იდეისთვის, სამშობლოსთვის და ხალხისთვის თავი გადამიდია, მიერთგულია, თავგანწირვის წინაშეც აღმოვჩენილვარ და უკან არ დამიხევია. გავუძელი 9 წლიან დევნასა და რესპრესიებს, ოჯახთან და ქვეყანასთან დაშორებას. წარმოიდგინეთ როგორი გაძლება უნდა პირველი და მეორე კლასის შვილები დატოვო და მხოლოდ სკოლის დამთავრებისას შეხვდე მათ და ოჯახს. როგორ უნდა გაუძლოს გულმა, როცა ქვეყნისათვის თავგანწირულ პრეზიდენტს გიკლავენ, როგორი გასაძლებია, როცა ქვეყნისათვის თავდადებულ, ერთგულებისათვის, ვაჟკაცობისათვის და კაცურ-კაცობისათვის უანგარო მებრძოლ რაინდს, მეგობარ გურამ აბსანძეს 11 ტყვიას ესვრიან, ორჯერ დააპატიმრებენ, თანაც სამშობლოს ღალატისათვის და 6 წელზე მეტი საპატიმროში ამყოფებენ, დედისა და ძმის დატირების საშუალებას არ მისცემენ, ათასგვარი სიბინძურეს დააბრალებენ და ამ ქვეყანაში მის პოტენციალს არ გამოიყენებენ. ან კიდევ, ქვეყნის პატრიოტს, პეტრე გელბახიანს დახვრეტა მიუსაჯონ და ორ წელზე მეტი სიკვდილმისჯილთა საკანში გამოამწყვდევენ, რაც მისი უდროო გარდაცვალების მიზეზი ხდება. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა მათგანის დასახელება გამიჭირდება, ხოლო გამოყოფას არ ვაპირებ.
–რას გვეტყვით საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, თქვენი აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის ჩვენს რეგიონში.
-ზვიად გამსახურდია იყო, არის და იქნება მაგალითი ქვეყნის, სიყვარულის, ერთგულების, თავდადების, თავგანწირვის ბრძოლის, შრომის, ცოდნის, განათლების, ოჯახიშვილობის, ძმადნაფიცობის, სისპეტაკის და სათნოებისა.
საქართველოს პრეზიდეტ ზვიად გამსახურდიასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა 1990 წლიდან და შესაბამისად, ბევრის გახსენება შეიძლება. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო დიდი ჰუმანისტი დიდი პატრიოტი, მებრძოლი, მეცნიერი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც ძალზე განიცდიდა მოძმე ქართველთა მსხვერპლს, ხოლო აფხაზეთის ჩაბარება მისთვის უდიდესი დარტყმა იყო. რასაც სიკვდილამდე ვერ ურიგდებოდა და განიცდიდა.
-თქვენს ოჯახზე გვიამბეთ, თქვენს ჰობზე, პრინციპებზე?
-მყავს ეროვნული ოჯახი, ძლიერი, მტკიცე, მოსიყვარულე, ინტელიგენტი ოჯახი.
მეუღლე ნონა ჩაჩიბაია – ექიმი თერაპევტია, ჩემსგამო ბევრჯერ განიცადა რეპრესიები, ძირითადად ფსიქოლოგიური, მაგრამ მანაც გაუძლო და შეძლო აღეზარდა ქალ-ვაჟი ნათია და გიორგი, რომლებმაც დაამთავრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, დაეუფლნენ ენებს, ჩამოყალიბდნენ, როგორც სპეციალისტები. ნათია “თიბისი” ბანკის თანამშრომელია, ყავს შესანიშნავი მეუღლე და ქალიშვილი ელენე. გიორგი რამდენიმე ხნის წინ ჩამოვიდა უკრაინიდან, სადაც დაამთავრა მაგისტრატურა.
მყავს სამეგობრო. ყველა ჭეშმარიტი ეროვნული ჩემი მეგობარია და მაქვს ახლო ურთიერთობები. ვერ ვიტან მედროვე ფარისევლებს, მოლაყბეებსა და ყალბის მთქმელებს. ვამაყობ მოსწავლეებით, მიყვარს სამშობლო და ერი ჩემი.
წინა 9 ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდებოდი, არც თუ ისე ხალისიანად, ოჯახისა და სამშობლოსგან შორს, ზოგჯერ მარტო. ამჯერად, ახალ წელს შევხვდები ჩემს ოჯახთან – შვილებთან, შვილიშვილებთან და მეგობრებთან ერთად.
–თქვენი სამომავლო გეგმები და საახალწლო სურვილები?
-ჩემს გეგმაშია ახალგაზრდობას მოვუყვე თანამედროვე პატრიოტთა ყოფაზე, ბრძოლაზე, თავდადებაზე და თავგანწირვაზე, ჩვენ ბევრი გვაქვს საამაყო და სამაგალითო, გვყავდა გმირები, რომელთაც უნდა ვბაძავდეთ, ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა, ამიტომაც ჩვენი ვალია, ჩვენი ახალგაზრდა თაობის აღზრდა განვითარების საქმე ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.
ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი.
საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ
R