- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება 2021 წლის 26 თებერვალს, ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები – ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება.
“ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი გამოკითხვისა და მათთან სხვა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დღესვე, დაინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს”.-ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.