- შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სადახლოს” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1998 წელს დაბადებული ა.ხ. და 1996 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ.
დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ შემოიტანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.