- დღეს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” კამპანია “ძალა ევროპაშიას ფარგლებში, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გამართა ფოტოგამოფენა თემაზე “საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები სამეგრელოდან და საბჭოთა რეპრესიები”.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა გიგაური. მან ისაუბრა, თუ რატომ არის ძალა ევროპაში და რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ: მწერალი პაატა შამუგია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ზუგდიდის წარმომადგენელი აარჩილ თოდუა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ალექსანდრე ჩიქავას და სხვა რეპრესირებული ოჯახის წევრები.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა: “კამპანიის მთავარი მიზანია, ვესაუბროთ მოსახლეობას იმასთან დაკავშირებით, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველო დაუახლოვდეს ნატოს და ევროკავშირს. რა საფრთხეები მოაქვს რუსეთს ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელი ღონისძიება ზუსტად ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ამისთვის. ვფიქრობ, დღეს საქართველო მიდის იმ გზაზე, რა გზაც მათ აირჩიეს თავის დროზე, ცხადია, რომ ამ გზას ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ”.