“სარკმელის მედიაექსპედიციები” ცაიშში


  • ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბმა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ინიციატივა “სარკმელის მედიაექსპედიციები” ისტორიულ ცაიშში გააგრძელა. (პროექტის ავტორი, კლუბის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნანი მოსიძე). დღეს იყო მარშრუტი N2, რომელმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის ძველი და ახალი რაკურსები მოიცვა.

სასახლის მოსწავლე ჟურნალისტებს, ინტელექტკლუბის წევრებს, პედაგოგებს, გიდობა და მეგზურობა ისტორიკოსმა და მკვლევარმა ლაშა ჯიქიამ გაუწია. მან მედიაექსპედიციის მონაწილეებს სოფლის მრავალსაუკუნოვანი წარსული, კულტურული ღირებულებები და უნიკალური ძეგლების ისტორია გააცნო.

ექსპედიციის მარშრუტი ცაიშის სხვადასხვა ეპოქის მნიშვნელოვან ლოკაციებს მოიცავდა: პირველი გაჩერება ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორია იყო, სადაც მონაწილეები მისი ისტორიითა და მომავლით დაინტერესდნენ. შემდეგ კლუბის წევრებმა თამარის ხიდისკენ გადაინაცვლეს, რომლის აღდგენაც იგეგმება. შემდეგ იყო ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი და საუბარი მის შემოქმედებაზე და მოღვაწეობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მედიატურის მონაწილეებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მოილოცეს და მოინახულეს. ისტორიკოსმა ლაშა ჯიქიამ მათ ტაძრის მშენებლობის ეტაპებსა და კედლებზე შემორჩენილ უძველეს ფრესკებზე უამბო. ახალგაზრდებმა ასევე დაათვალიერეს ტაძრის ეზოში მდებარე XVII საუკუნის ისტორიული ნაგებობები – ორსართულიანი სამრეკლო, საეპისკოპოსო სახლი, ბერების სენაკების, პალატების და მარნის ნაშთები.

“სარკმელის” მედიაექსპედიციები” მომავალშიც გაგრძელდება და ფიქრობს, შემოიერთოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ჩვენი მუნიციპალიტეტის ძველი და ახალი ამბებით დაინტერესებული მოსწავლეებიც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − 4 =

Akismet ანტისპამი