- სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი და აღდგენითი სამუშაოების დროულად განხორციელება იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაფართოებული სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა.
ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა, განსაკუთრებული ზიანი აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტებს მიადგა. წყალდიდობამ დააზიანა ინფრასტრუქტურა: ხიდები, გზები, ნაპირსამაგრები. დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყალდიდობამ დააზიანა წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს სენაკისა და ფოთის 32 ათას აბონენტს, ასევე გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს. მცირე ხარვეზებია ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით. ყველა პრობლემურ საკითხზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
უწყების ცნობით, გამართულ შეხვედრას, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი- შოთა კაკაბაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერები, ენერგო პრო-ჯორჯიას, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, სოკარ ჯორჯიას და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დილიდან სტიქიის ზონაში მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები. მუნიციპალიტეტებში დღესვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.