- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1995 წელს დაბადებული გ.ჩ., 1995 წელს დაბადებული ს.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული პ.ბ. დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 25 ვაზნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი – 1978 წელს დაბადებული გ.გ., 1950 წელს დაბადებული გ.რ. და 1961 წელს დაბადებული თ.ჯ. დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო, 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 5 ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.