- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 47 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უწყების ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში.
” ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით – 34 და ფაცერის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის ივნისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 200 მეტრამდე სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია თბილისის ზღვიდან, შაორის ტბიდან, ასევე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებიდან. მდინარე ალაზანზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად კი, გამოვლენილია უპატრონოდ მიტოვებული 1 ერთეული თევზმახე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.