- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 171, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების 48 ფაქტი. აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 31 ფაქტი შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 45 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ცნობით, თებერვალის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 181 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყეა ამოღებული, ხოლო 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქული.
“უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამართალდარღვევების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში პატრულირებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.