- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 82 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 5 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოვლინდა.
“ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური მოწყობილობით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით – 67 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი. ასევე დალუქულია 7 ერთეული გასაბერი ნავი.
მიმდინარე წლის ოქტომბერში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 050 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 7 ერთეული თევზმახე ამოიღეს. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, ბაზალეთის ტბაზე, ჟინვალის წყალსაცავზე, ასევე მდინარეებზე – მტკვარსა და ჭოროხზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 696 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 172 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.”-აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.