ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, “ენმ”-ს დეპუტატმა ანა წითლიძემ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას, რომ მასაც ეკუთვნის პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რომელიც ეხება გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდის მერის, ვიცე მერის და ყოფილი გუბერნატორის კორუფციული გარიგებების შესახებ. წითლიძემ მიმართა წოწერიას, რომ დაწეროს განცხადება და გადადგეს, რადგან მას არ აქვს მორალური უფლება იყოს საკრებულოს თავმჯდომარე.
ამ საკითხებთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა “ევროპული საქართველოს დეპუტატმა” ბათლომე შელიამ: “ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აეღო “ქართულ ოცნებას”, დღეს, პრაქტიკულად მივიღეთ “ქართული ოცნების” გადაჯგუფება სხვადასხვა მხარეს, იმისათვის, რომ მოსახლეობას აუხვიონ თვალი, ვითომ მერი გადადგა. გვაქვს “პატარა ბიძინა” და ბახტაძის სცენარი ზუგდიდში”.
სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან, მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ. მისი განმარტებით, არ უნდა დავარღვიოთ “უდანაშაულობის პრეზუმცია. “პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით აიღო ყოფილმა მერმა ლაშა გოგოიამ. დანარჩენს დაადგენს გამოძიება”.-განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა წოწერიამ.