- შვედეთში უკვე წლებია ადამიანები კანქვეშ ჩასმულ მიკროჩიპებს ატარებენ. მიკროჩიპების იმპლანტაციის პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და როგორც გამოცემა euroweeklynews.com წერს, ამ დროისთვის მას 4 000-ზე მეტი შვედი იყენებს, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მაღალტექნოლოგიური ჩიპი ბრინჯის მარცვლის ზომისაა და ის ხელში იდგმება.
euronews.com 2018 წლის სტატიაში წერდა, რომ მიკროჩიპებმა უნდა გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება – მათ აღარ მოუწევთ პირადობის დამადასტურებელი ID ბარათების და უამრავი სხვა ბარათის ტარება, რადგანაც ყველაფერი ჩიპზეა დატანილი. მას იყენებენ სხვადასხვა დაწესებულებაში შესასვლელად, თანხის გადასახდელად, ტრანსპორტში და კიდევ ბევრი სხვა დანიშნულებით.
მთავარ საფრთხეზე საუბრისას ბიოტექნოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა, ყოველივემ პერსონალური მონაცემების დაუცველობის რისკი გააჩინოს, რადგანაც ხელში იმპლანტირებული მიკროჩიპიდან პერსონალური მონაცემების მოპარვა ძალიან მარტივია.
“მთავარი გამოწვევა მონაცემთა უსაფრთხოების დაცვაა, თუ ის კარგად არ იქნება დაცული, შეიძლება ვიღაცამ მარტივად მოიპაროს“, – ამბობს ლიბერტონი. მისივე თქმით, მეცნიერები მუშაობენ იმაზე, რომ ადამიანის პირადი მონაცემები მაქსიმალურად დაცული იყოს.