- გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ” „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ფოთის, ხობის და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, თვითმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, იმსჯელეს როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის და დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ისე დაზარალებულების მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.
პროკურორებმა ადგილობრივ მოსახლეობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაზარალებულთა მხარდაჭერის და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე.
პროკურატურის წარმომადგენლებმა მოისმინეს შეხვედრების მონაწილეების მოსაზრებები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის შესახებ; ისაუბრეს ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).
კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.