ქალბატონი ლუარა ქირია 12 წელი ანსამბლ “ჩელაში” მღეროდა. შემდეგ, ახალგაზრდულ ანსამბლ “მერეხში”. ბოლოს, ხობის კულტურის სახლში მუშაობდა. 50 წელი სცენაზე გაატარა, ამ ხნის განმავლობაში, მაყურებლის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ქალბატონი ლუარა, არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის, ფესტივალის, ოლიმპიადის გამარჯვებული.
სოციალურად დაუცველი ქალბატონი უფასო სასადილოში გავიცანი. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მითხრა: “ლუარა გვალამაზებს, სადღესასწაულო დღეებისთვის სცენარებს წერს, ყველას დაბადების დღე ახსოვს, გვეფერება და კონცერტებს ატარებს. ყველას სითბოს და სიყვარულს უნაწილებს. ჩვენ აქ ერთი დიდი ოჯახივით ვართ, ლუარა კი, ჩვენი დედოფალია”.
ქალბატონი ლუარა შინ მეპატიჟება. ის ჩიქოვანის ქუჩაზე, ერთოთახიან, პატარა, მოკრძალებულ ბინაში მარტო ცხოვრობს. კედელზე გაკრულ სიგელებს, დიპლომებს და სერთიფიკატებს მათვალიერებინებს. არქივიდან იღებს ძველ სტატიებს, ფოტოებს, მის დაწერილ ლექსებს, სიმღერებს, სცენარებს მიჩვენებს და მიყვება:
-ეს ყველაფერი ჩემი წარსულია, განვლილი ცხოვრება და მოგონებები, რომლებსაც ხშირად ვიხსენებ. ჩემი სცენაზე გამოჩენა იყო სასწაული. ყველას ძალიან ვუყვარდი. სცენიდან, უყვავილოდ არასდროს ჩამოვსულვარ. რეჟისორს ეკითხებოდნენ, ლუარა ქირია თუ იმღერებსო, კონცერტს დავესწრებითო. მადლობა უფალს ამ სიყვარულისთვის. მეტი რა გვინდა ჩვენ ხელოვან ადამიანებს?
ახლა, ქალბატონი ლუარა, თავის ნიჭს და გამოცდილებას უზიარებს მის მოსწავლეებს. წელს ერთი ჰყავს, შარშან ოთხი ყავდა, რომლებიც სხვადასხვა კონკურსში ღებულობდნენ მონაწილეობას.
-ქალბატონო ლუარა, თქვენს ვოკალურ მონაცემებზე ბევრს საუბრობენ…
-ბავშვობიდან ვმღერი. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა პირველად დავწერე სიმღერა “დიდება”. როცა ამ სიმღერით წავრსდექი მაყურებლის წინაშე, აუდიტორია მოხიბლული დარჩა, სამჯერ მამღერეს. წალენჯიხიდან ვარ. ჩემი ნიჭი, შესაძლებლობები შეამჩნია წალენჯიხის კულტურის სახლის დირექტორმა ვენია ჩიქოვანმა და მიმიწვია მათთან. გარკვეული დროის განმავლობაში იქ ვმუშაობდი. თავიდან, საესტრადო სიმღერებს ვასრულებდი, შემდეგ ხალხურს. გადაჭარბებულად შემიძლია გითხრათ, რომ მაყურებელი ხელისგულზე მატარებდა. არასდროს მყოლია პედაგოგი, ან გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც მიმითითებდა, შემასწავლიდა და დამაკვალიანებდა. ყველაფერს ჩემით მივაღწიე. ფანდურზე ჩემით ვისწავლე დაკვრა და სიმღერაც თვითონვე შევისწავლე.
-თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ანსამბლ “ჩელას”…
-დიახ. ანსამბლ “ჩელას” ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ “ჩელაში” გატარებული წლები საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში. “ჩელას” ხელმძღვანელი გახლდათ აწ განსვენებული ვახტანგ ჯორჯიკია. ეს ადამიანი გახლდათ თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული და პროფესიონალი. ქალაქში, ვინც კი ჩამოვიდოდა ჩვენთან სტუმრად, ვოვა ყველას ეკითხებოდა, რას იტყვით ქალბატონზეო, როგორი მომღერალი გვყავსო? ყველა პასუხობდა: “პრიმა პევიცა არისო”. მოგვიანებით, ბესო ჭითანავამ დაარსა ახალგაზრდული ანსამბლი “მერეხი”, მაშინ ანსამბლში ერთადერთი მანდილოსანი მე ვიყავი. ჩემი ვოკალური მონაცემების შესახებ, გაიგო ხობის კულტურის სახლის რეჟისორმა ბატონმა რამაზ ლოლუამ, ის სპეციალურად ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად. ხობის კულტურის სახლის მინი თეატრში შვიდი წელი ვმუშაობდი. კონცერტებზე დავდიოდით სრული დატვირთვით . სხვადასხვა ფესტივალებზე და კონკურსებზე ვღებულობდი მონაწილეობას. ბატონმა ლუკა ლუკავამ მიმიწვია თურქეთში ლაზური სიმღერების ფესტივალზე. ვიმღერე და მსმენელი ჩემი გამოსვლით კმაყოფილი დარჩა.
-პროექტში “მე მიყვარს ჩემი საქართველო” ღებულობდით მონაწილეობას…
– ეს ადრე იყო. ჩემი სიმღერა პირველ ტურზე შეასრულა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ, მეორე ტურზე ანსამბლმა “გორდელამ”. პროექტში ეკა მამალაძე იყო. ეკას ვუმღერე დედამისის, ქალბატონ ნანის სიმღერა: “ბალადა ვაზზე.” ჟიურის წევრებმა მითხრეს, მეორე ნანი მოგვევლინაო. მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი სმს ლიდერი და ფინალისტი, მაგრამ პროექტის გამარჯვებული ვერ გავხვდი. სამაგიეროდ, ხალხის დიდი სიყვარული დავიმსახურე. სხვადასხვა დროს, მიწვეული ვიყავი გადაცემა “ეთნო არტში” მარიამ ელიეშვილთან ერთად, სადაც შევასრულე სიმღერა დედაზე. ტექსტის ავტორი გახლდათ პოეტი ციალა ჩხეტია, ასევე შევასრულე სიმღერა “რა დავაშავე ამით”.
-ორი ალბომი გაქვთ გამოცემული…
-დიახ. ორი ალბომი გამოვუშვი “ჩემი აფხაზეთი” და “მე და ჩემი ფანდური”, სადაც სხვადასხვა სიმღერა იყო შესული. ვაპირებდი, მესამე ალბომის გამოშვებას, მაგრამ თანხის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე.
-ქალბატონო ლუარა, თქვენ ალბათ, სხვადასხვა ქვეყნიდან გქონდათ შემოთავაზება…
-რამდენიმე ქვეყანამ შემომთავაზა, მათთან გადავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა კარიერა. მითხრეს, ყველაფერს ჩვენ აგინაზღაურებთო, შენ მხოლოდ ჩამოდიო, მაგრამ ვერ წავედი. ვერ შეველიე აქაურობას, ვერ დავტოვე ჩემი ქვეყანა და ქალაქი. ყველას უარი ვუთხარი, ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, ალბათ ცხოვრებისეული სიძნელეების შემეშინდა.
-კოლეგები თუ გეხმიანებიან…
-დიახ. ხშირად მირეკვას ბატონი რამაზ ლოლუა. მითხრა, ასეთი რა გააკეთეო, ყველა შენზე მეკითხებაო, ხალხს უყვარხარ და ახსოვხარო. ვიხსენებთ ძველ დროს. მგონია, რომ კიდევ შემიძლია სიმღერა და მაყურებლის გამხნევება. სულ სცენა მელანდება და ხშირად მეტირება. ახლა მეტი თავისუფალი დრო მაქვს სიმღერებს და ლექსებს ვწერ. პოეტ ციალა ჩხეტიას დავუწერე სიმღერა. ბევრი ექსპრომტად დაწერილი ლექსი მაქვს შენახული. დიდი სურვილი მაქვს, ლექსების კრებული გამოვცე.
-ქალბატონო ლუარა, უფასო სასადილოს ბენეფიციარი ხართ…
-ხუთ წელია, რაც სასადილოს ბენეფიციარი ვარ. ავადმყოფობის გამო ყოველდღე ვერ ვახერხებ მისვლას, მაგრამ ყოველ მეორე დღე მათთან ვარ. სასადილო ჩემი მეორე სახლია. საკვები სახლში დამაქვს და იქ მივირთმევ. სასადილოში სხვადასხვა ღონისძიებას ვმართავთ, გვინდა, დღესასწაულები ერთად გავატაროთ. სცენარი დავწერე 8 მარტისთვის. აქ ყველა ერთმანეთის იმედია. მიჭირს, ძალიან მიჭირს, მაგრამ ისიც ვიცი, ჩემზე გაცილებით ცუდ დღეში მყოფი ადამიანები არსებობენ. ჩემი შემოსავალი თვეში 275 ლარია, რომელსაც ვღებულობ პენსიიდან, სოციალური დახმარებიდან. უფასო სასადილო გვირიცხავს გზის ფულს 25 ლარს. ზოგჯერ შვილები მიგზავნიან. ეს თანხა წამლებისთვის არ მყოფნის.
-სახლში მარტო ხართ…
-მყავს ქალ-ვაჟი. ნანა კალანდია, პროფესიით მედდაა, მყავს ოთხი შვილიშვილი. ნანა ემიგრაციაშია. ვაჟიშვილი თენგო ოჯახთან ერთად, წლებია, რუსეთში ცხოვრობს. 25 წელი არ მინახავს და ამ ზაფხულს ოჯახთან ერთად, მესტუმრა. ძალიან გამახარეს. არ არსებობს სიტყვა, რომლითაც შეიძლება ეს ემოცია გამოიხატოს. შვილს, შვილიშვილებს და რძალს სიმღერა მივუძღვენი. ჩვენი შემყურე ყველა ტიროდა. მათი წასვლით ძალიან დამწყდა გული. იმედია, კვლავ ჩამოვლენ და გამახარებენ.
-და ბოლოს…
-და ბოლოს მინდა ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მივულოცო. ვუსურვებ ჯანმრთელობას და სიხარულს. ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერ ცხოვრებას.
საუბარი ჩაიწერა ეკა ვეკუამ