პოეტი ლია ნაროუშვილი “სარკმელელებს” შეხვდა


დღეს, ზუგდიდს მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელი”, “ხუთშაბათის სტუმარი” იყო ცნობილი პოეტი, ქალბატონი ლია ნაროუშვილი, რომელმაც ახალგაზრდა ჟურნალისტებთან ისაუბრა თავის შემოქმედებაზე და არა მარტო შემოქმედებაზე, არამედ ცხოვრებაზე, იმ საქმეებზე,რომელიც მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მის ბიოგრაფიაში. პოეტი ლია ნაროუშვილი სამი წელია ემიგრაციიდან დაბრუნდა. ის იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა, მაგრამ არა მარტო იმისთვის, რომ თავისი თავი გადაერჩინა, არამედ იმიტომ რომ იქ, სადაც იყო ეკეთებინა თავისი ქვეყნის საქმე, ქართული საქმე, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდათ იმ  ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობენ და რომლებსაც ენატრებათ ყველაფერი მშობლიური. ლია ნაროუშვილი არაერთი ლექსთა კრებულის ავტორია, გაუმართავს არაერთი საქველმოქმედო საღამო. მისი ბოლო საღამოც, რომელიც მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო იყო და თავისი სოფლის მომავალი თაობის დასახმარებლად იყო განკუთვნილი. იმ სოფლის, სადაც ის დაბრუნდა, დამკვიდრდა და ახლა ფიქრობს გააშენოს “ემიგრანტთა” ბაღი, რომელიც თაობებს დააკავშირებს ერთმანეთთან.

შეხვედრამ საჯარო ინტერვიუს რეჟიმში ჩაიარა. გულწრფელი იყვნენ შეკითხვებში ახალგაზრდა ჟურნალისტები და ისინი კმაყოფილი დარჩნენ, რადგან მათი რესპონდენტიც გულწრფელი აღმოჩნდა მისი პასუხებით. ძალიან ბევრ ჟურნალისტს შევხვედრილვარ, ბევრი ინტერვიუ ჩამიწერია, მაგრამ ის შეკითხვები, რომელიც დამისვეს “სარკმელის” ჟურნალისტებმა, იყო ყველაზე გულწრფელი, უთხრა “ზუგდიდელებს” პოეტმა. მან ახალგაზრდა ჟურნალისტებს რამდენიმე ლექსიც წაუკითხა საკუთარი შემოქმედებიდან და შეჰპირდა, რომ ისევ სიამოვნებით შეხვდება მათ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!