- დასავლეთ საქართველოში პირველი ტრაქტორისტი ქალი შამგონელი ლუიზა წყაროზია ყოფილა. მასზე, “ზუგდიდელებთან” საუბრობს, ლუიზას შვილი მამუკა ქობალია.
“-დედაჩემი, ლუიზა წყაროზია 1960 წლიდან მუშაობდა ტრაქტორისტად შამგონის კოლმეურნეობაში. მისთვის, ტრაქტორის ტარება ძმას, ლერის უსწვალებია. დედაჩემს ტრაქტორზე მუშაობა და ჩაის კრეფა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა თურმე. სხვათაშორის, ბაბუაჩემი ვანო წყაროზია, საქართველოში, ერთ-ერთ პირველი ტრაქტორისტი ყოფილა, შამგონის კოლმეურნეობის ბრიგადირი. დედაჩემი მოგვიანებით მექანიზატორი გამხდარა, მაგრამ ითვლება, რომ იყო ლენინის ორდენოსანი და პაშა ანგელინას პრიზის მფლობელი პირველი ტრაქტორისტი დასავლეთ საქართველოში. მიღწეული წარმატებებისთვის, ერთხელ რუსეთშიც მიუწვევიათ რაღაც დიდ შეხვედრაზე და სოფლის მეურნეობის მინისტრს მისთვის ადგილი პრეზიდიუმში დაუთმია. დედა იხსენებს, როგორი ტაშის გრიალით გააცილეს ის დარბაზიდან პრეზიდიუმამდე. როდესაც მინისტრს დედაჩემისთვის პრიზი გადაუცია უთქვამს: ლუიზა, შენ პოეტური სახელი გქვიაო. მოსკოვში ყოფნისას, დედას შეხვედრია ჟურნალისტები და მასზე არაერთი სტატია დაუწერიათ”.
როგორც მამუკა გვიყვება, ქალბატონ ლუიზას 9 და-ძმა ჰყოლია. მათგან, ექვსი თურმე ტრაქტორზე მუშაობდა. ყველანი შრომისმოყვარენი ყოფილან. სამწუხაროდ, დღეს, არცერთი არ არის ცოცხალი. ქალბატონი ლუიზაც, 60 წლის ასაკში გარდაცვლილა.
მასალა მოამზადა ხატია წყაროზიამ