ზუგდიდელების სტუმარია ახალბედა შემოქმედი ილია ჭანტურია. ილიამ შარშან დაამთავრა მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე. 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიაზე.
მშობლიურ ქალაქში, ილიას სადებიუტო წიგნის, „ნინოშვილის 25“, პრეზენტაცია გაიმართა. მოთხრობების უმეტესობაში, სიუჟეტი, ავტორის მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში, ვითარდება.
-ილია, რატომ აირჩიე ფილოლოგია?
-ლიტერატურის გამო. სანამ გადავწყვეტდი ბევრიც ვიფიქრე ამაზე, მერე მივხვდი, რომ სხვა არაფერი იყო, რაც ლიტერატურაზე მეტად მაინტერესებდა.
-როდის დაიწყე წერა?
-15 წლის ასაკში… ჯერ ლიტერატურის კითხვა დავიწყე და მერე თავადაც მომინდა მეცადა, ნუ, როგორც არის ხოლმე.
-გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა შენი სადებიუტო წიგნის წარდგინება…
-დიახ. წიგნში არის შესული 8 მოთხრობა. სხვადასხვა თემაზეა მოთხრობები. საერთო ის აქვთ, რომ ტექსტების უმეტეს ნაწილში, მთხრობელები, ახალგაზრდები არიან, ჩემი თაობის წარმომადგენლები, ისინი გვიყვებიან თავიანთ პრობლემებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიუჟეტები, ძირითადად, პროვინციულ ქალაქში მიმდინარეობს, იქ, სადაც უმოძრაობაა და ახალგაზრდები კი ცდილობენ თავი დააღწიონ ამ გარემოს, რაღაც შეცვალონ მაინც. წიგნის პრეზენტაციამ ვფიქრობ, რომ კარგად ჩაიარა, რაც მთავარია, იყო კავშირი აუდიტორიასთან, მხოლოდ წიგნის წარდგენით არ შემოვფარგლულვართ. თან მშობლიურ ქალაქში ჩემი წიგნის წარდგენა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ცოტაც ვინერვიულე.
– შენს წიგნში აღწერილი პროვინცია ზუგდიდი ხომ არ არის?
-კი, მოთხრობების უმეტეს ნაწილში ზუგდიდში ხდება მოქმედება, ეს შეიძლება ნახსენები არ არის ტექსტში მაგრამ, გარემო იგრძნობა, თუმცა, ის პრობლემები რაც ამ ტექსტებშია ნაჩვენები მხოლოდ ზუგდიდს არ მოიცავს, ამიტომ შეიძლება მკითხველმა თავისი ქალაქი დაინახოს.
-შენი საყვარელი წიგნი?
-ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ახლახანს რაც წავიკითხე და ძალიან მომეწონა ზეიდი სმითის “თეთრი კბილები” იყო.
-როგორც მითხრეს, შენ სხვადასხვა ინტელექტუალურ ტელეგადაცემაშში ღებულობდი მონაწილეობას…
-ადრე, ახალგაზრდულ ლიტერატურულ შოუში „წიგნების თარო“-ში ვღებულობდი მონაწილეობას.
-ილია, შენი ჰობი რა არის?
-ტენისს ვთამაშობ მეგობრებთან ერთად ხშირად. მიყვარს კითხვა და ფილმების ყურებაც.
-შენს ოჯახს ზუგდიდელები კარგად იცნობენ…
-მამა მღვდელია, მალხაზ ჭანტურია ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, დედა მარიკა შეროზია მასწავლებელია ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიაში, თან ბაღშიც ასწავლის. უფროსი ძმა, ცოტნე ბუდაპეშტში სწავლობს დოქტორანტურაზე, “ცივი ომის” საკითხებს იკვლევს. უფროსი და მარიამი ფსიქოლოგიით არის დაინტერესებული და მუშაობის გაგრძელებასაც ამ გზით აპირებს, მეორე უფროსი ძმა, კონსტანტინე თბილისში სწავლობს მეღვინეობას, აგრარულ უნივერსიტეტში. ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი ბებიაჩემია, სხვათაშორის, მას და ბაბუაჩემს მივუძღვენი პირველი წიგნი. კარგები არიან ყველანი და მათ თანადგომასაც ყოველთვის ვგრძნობ.
-წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?
-არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ ლიტერატურა, რომ იქნება, ყოველთვის, პირველ ადგილზე ეგ კი ვიცი.
ეკა ფარულავა