ნინოს და გიორგის სიყვარულის ამბავი


  • ზუგდიდელი წყვილის ნინო ბერიშვილის და გიორგი ცაავას საქორწილო ცეკვას სოცილურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნინო, პროფესიით მარკეტოლოგი და ენტერპრენერია, გიორგი კი, ყბა-სახის ქირურგი გახლავთ. წყვილმა, ერთმანეთი, მშობლიურ ქალაქში გაიცნო. “ზუგდიდელებთან” ნინო ამბობს, რომ “გიორგიმ პირველივე ნახვით ჩემი გული დაიპყრო”.

ნინო ბერიშვილი: – დავიბადე ზუგდიდში, მაგრამ გავიზარდე და სკოლა დავამთავრე მოსკოვში, სადაც ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად. ყოველ ზაფხულს მთელი ოჯახი, ჩამოვდიოდით ხოლმე ზუგდიდში, რაც ძალიან მიხაროდა, ძალიან მიყვარდა აქაურობა, ახლაც მიყვარს. ზუგდიდში, ჩვენს ოჯახს, სასტუმრო და რესტორანი აქვს, რომლის განვითარებაში მეც მივიღე მონაწილეობა და რაღაც პერიოდი ვიცხოვრე კიდეც აქ. რაც შეეხება, ჩემს მეუღლეს, 33 წლის გიორგი ცაავას ისიც ზუგდიდში დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები ლენინგრადში სწავლობდნენ და გიოს დაბადების შემდეგ ისევ ლენინგრადში დაბრუნდნენ. ამდენად გიო იქ გაიზარდა. 8 წლის ასაკში გარდაეცვალა მამა და დედამ მარტო გაზარდა. გიორ დედისერთაა, თუმცა ჰყავს ბევრი ძმაკაცი, რომლებმაც მას ძმობა გაუწიეს. გიო პროფესიით ყბა-სახის ქირურგია, ავარიამდე ის მუშაობდა საავადმყოფოში, ატარებდა ოპერაციებს და ასევე ასწავლიდა სტუდენტებს. წარმატებული მომავალი ელოდა მედიცინაში, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა… 25 წლის ასაკში, საბედისწერო ავტოკატასტროფამ რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება და მას შემდეგ მედიცინას არ დაბრუნებია. რაც შეეხება ავარიას ეხება, ის 7 წლის წინ სანკტ-პეტერბურგში მოხდა. საჭესთან სხვა ადამიანი იჯდა, გიორგი, კი გვერდზე. მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა და გაცურდა, ჰაერში დატრიალდა. სულ რაღაც წამებში, გიორგიმ მოასწრო თავისი სხეულით საჭესთან მჯდომარე გადაეფარა, მას კი საჭე ხერხემალში მოხვდა. შედეგად უმძიმესი ტრავმები, მოტეხილობები, გულის გაჩერება, მოკლედ მართლა ღმერთმა გადაარჩინა. მძღოლს კი არაფერი მოსვლია. ახლაც რომ ჰკითხო გიოს: რომ გცოდნოდა როგორ მოიქცეოდი? ამბობს, რომ არაფერს შეცვლიდა და ვიცი, რომ ეს სიმართლეა. უბრალოდ ასეთი ადამიანია. ვიცი, რომ ბევრს აწუხებს კითხვა აქვს- თუ არა ფეხზე დადგომის შანსი. მე ასე ვიტყვი, შანსი აქვს და ჩვენ ამ შანსისთვის ვიბრძვით დაუღლელად და ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლებთ თუ საჭირო იქნება. ის უძლიერესი ადამიანია და ვიცი, რომ ყველაფერს დასძლევს მე კი მის გვერდით ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს.

-ნინო, სად გაიცანით ერთმანეთი?

-საინტერესოა, რომ მე მოსკოვში ვცხოვრობდი, გიო პეტერბურგში, მაგრამ ერთმანეთი გავიცანით ზუგდიდში. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, მაგრამ ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით, თუმცა მე გიორგიზე ბევრი კარგი მსმენია და ვიცოდი, როგორ განსაკუთრებულად უყვარდა ყველას მისი გამორჩეული კეთილშობილების გამო. 2021 წლის ივლისის თვეში, ჩამოვედი საქართველოში ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად. ზუგდიდში მათი სტუმრობა გახდა ჩემი და გიორგის ნაცნობობის და სიყვარულის დასაწყისი. გიორგიც მაშინ ზუგდიდში იმყოფებოდა. ჩვენმა საერთო მეგობარმა დაურეკა, მოიკითხა და უთხრა რომ ზუგდიდშია, გიორგიმ კი სახლში მიგვიწვია. ყველანი წავედით გიორგისთან სტუმრად და ასე გავიცანი. სულ ხუმრობს ხოლმე ამ თემაზე, – რომ შენ თვითონ მოხვედიო ჩემთან. მე რომ გავიცანი, გიორგი უკვე 4 წელი იყო ეტლით მოსარგებლე. გაცნობისთანავე, რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი. რაღაც საოცარი აურა აქვს, სიკეთით და ღვთაებრივი სინათლით სავსე. ის ძალიან კეთილია და დიდი სიყვარული აქვს ცხოვრების და ადამიანების მიმართ. რამაც განსაკუთრებით გამაოცა, ეს მისი შინაგანი ძალაა, ძალიან ძლიერი ადამიანია და მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება უხარია და მისით ტკბება. მოკლედ, პირველივე ნახვით, მან ჩემი გული დაიპყრო, თუმცა ჩვენ ამ შეხვედრის მერე ერთი წელი ვმეგობრობდით. ძალიან განსაკუთრებული ადამიანი იყო ჩემთვის. მისგან შემოსულ ზარს რომ ვხედავდი, საოცარ სიხარულს განვიცდიდი, შეგვეძლო დილამდე გვესაუბრა და ამ დროს, ორივე ვგრძნობდით, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები. თუმცა არც ის დგამდა პირველ ნაბიჯს და არც მე. გიოს გადაწყვეტილი ჰქონდა, სანამ ფეხზე არ გაივლიდა, უფრო სერიოზული ურთიერთობისგან თავი შეეკავებინა, მე კი, ეჭვებში ვიყავი შევძლებდი თუ არა მასთან ურთიერთობას, მეშინოდა და ჩემს თავს ვერ ვპასუხობდი, შევძლებ თუ არა. ასე გადიოდა დრო. მერე კი რამდენიმეჯერ, შემთხვევით, შევხდით ერთმანეთს თბილისში და დავიწყეთ უფრო ხშირი ურთიერთობა, მალე ეს შეხვედრები ყოველდღიური გახდა და ორივე მივხდით, რომ გზა უკან უკვე არ არსებობდა. ჩვენ ორივე ეკლესიური და მორწმუნე ადამიანები ვართ. მახსოვს, იმ პერიოდში, ხშირად დავდიოდი ტაძარში, უფალს ვევედრებოდი, რომ მოეცა ჩემთვის ძალა და პასუხი – სწორად ვიქცევი თუ არა. მან კი პასუხიც მომცა და ძალაც, თან იმდენი, რომ დავრწმუნდი, გიორგიდ გამო ამ ცხოვრებაში ყველაფერს დავძლევდი. და კი კითხვაზე “შემიძლია თუ არა”, მარტო ერთი პასუხი მქონდა: “ერთადერთი რამ, რაც არ შემიძლია – ეს მის გარეშე ყოფნაა”.

-რითი მოგხიბლათ გიორგიმ.

-გიორგი საოცრად კეთილია. ის ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი, განათლებული და რომანტიულია. ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ჩვენ საუბრის თემა არასდროს გველევა. მაგრამ განსაკუთრებულად მასში მიყვარს მისი შინაგანი ძალა და ვაჟკაცურობა. თითქოს არც არსებობს ეს ეტლი. და რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი ღიმილი. ასეთი ღიმილი არავის არ აქვს. ის როცა იღიმის, გული მითბება.

-ქორწილმა როგორ ჩაიარა?

-საოცარი დღე იყო. დიდხანს ვემზადებოდით და ყველაფერმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე ველოდით. ეს მართლა იდეალური დღე იყო. ძალიან გავერთეთ, მომღერლებიდან ანსამბლი “ურსა “გვყავდა და მათ საოცარი ატმოსფერო შეგვიქმნეს. მერე სიურპრიზად “ურსასთან” ერთად შევასრულე “ვაგიორქო მა”, ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო…

ქორწილის დღეს დავიწერეთ ჯვარი წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, თბილისში. ჩვენთვის ზუსტად ეს არის ნამდვილი შეუღლება ღვთის წინაშე. ჯვრისწერის დროს მეც სავარძელზე დამსვა მამაომ და ასე გვითხრა: ახლა ნამდვილი ნეფე დედოფალივით დაგწერთ ჯვარსო.

-როგორ ფიქრობთ, ოჯახში მთავარი რა არის?

-ამბობენ, მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახი ხშირად მყარი არ არისო, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. ცხოვრება და ადამიანთან ურთიერთობა ისედაც რთულია და ამ გზას თუ გადიხარ ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს, ასმაგად უფრო რთულია. ამიტომ ვიტყოდი, რომ ოჯახი უნდა იყოს დაფუძნებული სიყვარულზე, მაგრამ არა მხოლოდ. სიყვარული სახლივითაა, ფუნდამენტი კი ურთიერთგაგებაა, ერთმანეთზე ზრუნვა, მეგობრობა, სულიერი სიახლოვე და ერთამანეთის მიმართ პატივისცემა.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარი

  1. დარეჯანი

    უფალმა გააღმავოს და გააძლიეროს თქვენი სიყვარული ბუხარში დანთებული ცეცხლივით იგიგიზგიზოს თქვენს გულებში და გათბობდეთ ყველა ამინდში და უამინდობაში💗💗💗💒🤍🤍🤍✝️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!