ნია ხასაია: “მინდა, ვემსახურო ჩემს სამშობლოს ღირსეულად”


  • ნია ხასაია მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის უმცროსი ინსპექტორია. მოქალაქეებს, ალბათ შენიშნული აქვთ უკვე მისი პასუხისმგებლობით და გულისხმიერებით სავსე შეხვედრა.

გალის რაიონიდან ფიჩორიდანაა. მისი ოჯახი დევნილობაში ხან ზუგდიდში ცხოვრობდა და ხან თბილისში. სკოლა გაგიდაში დაამთავრა. დამთავრებული აქვს კახათის საჯარო სკოლასთან არსებული შვიდწლიანი სამუსიკო სკოლაც ფორტეპიანოს განხრით, შემდეგ არაყიშვილის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური სასწავლებელიც დაამთავრა. ძირითადი პროფესია თბილისის სახელმწიფო საბაჟო აკადემიაში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე მიიღო, მაგრამ მისი გატაცება მაინც ძალოვან სტრუქტურაში მოხვედრა იყო.
-დიახ, ჩემი ოცნება მაინც ძალოვან სტრუქტურაში მოხვედრა იყო, მაგრამ ცოტა შორი გზის გავლა მომიწია, ვიდრე აქამდე მოვიდოდი. 2015-16 წლებში ვსწავლობდი კვიპროსში დემოკრატიულ კოლეჯში ინგლისურ-ბერძნულ ფაკულტეტზე. ზუგდიდში დაბრუნებული ისევ ვეძებდი შესაძლებლობას ჩემი ოცნება ამეხდინა.
თუ სადმე ვაკანსიას გავიგებდი, ყველგან მივდიოდი, ძალიან დიდი დრო დამჭირდა მიზნის მისაღწევად. როცა გავიგე რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურში იყო ვაკანსია ვეცადე აქ მოვხვედრილიყავი. გასაუბრების რამდენიმე ეტაპი გავიარე ფოთში, თბილისში, ზუგდიდში და დიდი ძალისხმევის შედეგად მოვხვდი, იქ სადაც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მოხვედრას.
-თქვენი სამსახური საკმაო დროს, ენერგიას, ძალისხმევას მოითხოვს, პლუს ოჯახი და როგორ უთავსებთ და წარმატებით აღწევთ ამ ყველაფერს?
-დიახ, ჩემი სამსახური საკმაოდ მძიმე და შრომატევადია, მაგრამ მე ყოველთვის ვამხნევებ საკუთარ თავს, მე ვარ ძლიერი და ამას მე შევძლებ. შეუძლებელი არაფერია თუ მას გულით და დიდი მოთმინებით მიუდგები ყველაფერი გამოგივა. მამაკაცური პროფესიაა, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს პროფესია, მთელი დღე, მთელი კვირა და მთელი თვე, რომ მეცვას ფორმა, არასოდეს არ მომბეზრდება. ვამაყობ ამ ჩემი უნიფორმით. თავიდან ადრე, ქალი დაცვის ფორმაში საზოგადოებას ეუცხოებოდა, ბევრი მირჩევდა, სხვა რამე მეკეთებინა, მე კი ღიმილით ვპასუხობდი ყველას. დღეს უკვე ძალიან ბევრი მეგობარი ქალბატონი მყავს დაცვის პოლიციაში.
-სამსახურით დაკავებული დედა, როგორ ახერხებს შვილთან ყოფნას?
-რაც შეეხება ჩემს შვილს, პატარა ნიკოლოზს 7 წლისაა, როდესაც მე სამსახურში ვარ, ის მამაჩემთან რჩება. სულ ცდილობს წაიკითხოს, წეროს, ხატოს, იმეცადინოს. მეც თავისუფალ დროს ჩემს ერთადერთ ვაჟიშვილთან ვატარებ, მასთან ვერთობი, მის ღონისძიებებს ვესწრები. ჩემს მუსიკის პედაგოგთან, ეთერ შენგელიასთან ერთად, რამდენიმე სიმღერაც გვაქვს ჩაწერილი.
-სამზარეულოში ტრიალი თუ გეხერხებათ?
-სამზარეულოში ტრიალი ნამდვილად მეხერხება, რადგან დამხმარე არც არავინ მყავს ოჯახში, ყველაფრის გაკეთება მიწევს მე თვითონ. რთული ცხოვრებაა, მაგრამ ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან იქ ვარ სადაც მინდა, აწი უნდა ვიშრომო რომ მივაღწიო უკეთესს.
-არის ისეთი რამე თქვენს ცხოვრებაში რასაც ნანობთ?
-რა თქმა უნდა, მაგრამ მისი გამოსწორება შეუძლებელია. ეს დედაჩემს უკავშირდება. ის რომ ცოცხალი მყავდეს, ყველა დროს მასთან ყოფნისთვის დავხარჯავდი.
-რა ინტერესები გაქვთ ცხოვრებაში?
-მინდა უფრო მეტ ბედნიერ და გაბრწყინებულ ადამიანებს ვხედავდე ქუჩაში. პრობლემები გაღიზიანებით, ერთმანეთის ზიანის მიყენებით არ მოგვარდება. ჩემი დიდი ინტერესია რომ მშვიდობა იყოს ყველგან და ყველაფერში.
-თქვენი გეგმები როგორია სამომავლოდ?
-ჩემი გეგმები ჩემს სამსახურს უკავშირდება, მინდა ვემსახურო ჩემს სამშობლოს ღირსეულად.

როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!