- ნაპოლეონის ხელმოწერილი უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი ამიერიდან ზუგდიდში, დადიანების სასახლეში დაიდებს ბინას. ახალი შენაძენის შესახებ ინფორმაციას დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ავრცელებს.
საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ, ორგანიზაცია „ლევილი 1918“-თან თანამშრომლობით, მუზეუმისათვის შეიძინა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის მიერ 1810 წელს გაცემული იმპერიის რაინდის დიპლომი.
პერგამენტზე შესრულებული უნიკალური დოკუმენტი ჟან-ბატისტ დიუტუას (Jean-Baptiste Duthoya) სახელზეა გაცემული და მას საფრანგეთის პირველი იმპერიის რაინდის (Chevalier de l’Empire) წოდებას ანიჭებს. დიპლომი ფონტენბლოს სასახლეში, 1810 წლის 22 ოქტომბერს შედგა და მასზე ნაპოლეონ I-ისა და იმპერიის არქიკანცლერ ჟან-ჟაკ-რეჟის დე კამბასერესის ხელმოწერებია დატანილი.
როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, დოკუმენტს განსაკუთრებულ მხატვრულ და ისტორიულ ღირებულებას სძენს ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახული ფერადი გერბი და მასზე მიმაგრებული, დაახლოებით 12 სანტიმეტრის დიამეტრის დიდი წითელი ცვილის საიმპერატორო ბეჭედი. დიპლომის ზომა 50 × 41 სანტიმეტრია.
ახალ შენაძენს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს დადიანების სასახლისათვის, ვინაიდან მუზეუმში ისედაც დაცულია ქართულ-ფრანგული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების უმდიდრესი კოლექცია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საფრანგეთის პირველ იმპერიას, ნაპოლეონ I-სა და მის ეპოქას უკავშირდება. დოკუმენტის ორიგინალობა და ავთენტურობა შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატებითაა დადასტურებული.
მუზეუმის შეფასებით, ეს შენაძენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეროვნული მუზეუმების კოლექციების გამდიდრებისა და საქართველოსა და საფრანგეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების გზაზე.
