- ნათია კიზირიას საცხობს ზუგდიდელები ხშირად სტუმრობენ. ნათიას გამომცხვარი მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურები, ყველიანი ღვეზელი, ჰამბურგერი, ქადა უკვე პოპულარულია ქალაქში… ნათია წარმოშობით ხობელია, ზუგდიდელს დაუკავშირა ბედი და აქ დამკვიდრდა…
ნათია კიზირია: – “ხობში დავიბადე და გავიზარდე. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ პროფესია შევიცვალე. მცხობელად ვმუშაობდი შემდეგ გავხსენი ჩემი ბიზნესი და უკვე 7 წელია ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმეს და ხალხს”.
– ამ საცხობში, თქვენ მცხობელიც ხართ და გამყიდველიც… როგორ ახერხებთ?
-ვახერხებ… არც უკმაყოფილო მყავს ვინმე. ჩემი სამუშაო გრაფიკი იწყება დილით 7 საათზე და მთავრდება საღამოს 8 საათზე. დღის განმავლობაში, ჩემი ოჯახის წევრებიც მეხმარებიან, ზოგჯერ ერთმანეთს ვენაცვლებით… მე ვარ მებრძოლი ადამიანი და სიკეთის კეთების სურვილთან ერთად, ალბათ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ჩემთვის წარმატების მისაღწევად.

– როგორ უთავსებთ სამსახურს და ოჯახს ერთად?
-ეს ჩვენი პატარა საოჯახო ბიზნესია…ყველას ჩვენი საქმე გვაქვს განაწილებული და პასუხს ვაგებთ ამ საქმის ხარისხიანად შესრულებაზე.
– არსებობს ასეთი ფრაზა: „მუდმივი კლიენტი“
– მეც მყავს ასეთები და ისინი, ძირითადად, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები არიან. ღიმილი და ტკბილი სიტყვებია ჩვენი შუამავალი. ხშირად ვეკითხები მეორეჯერ დაბრუნებულებს, როგორ მოეწონათ ჩემი ნახელავი – რა აკლდა, რისი დამატებაა საჭირო, რა გავითვალისწინო ცხობისას.
– გარდა ცხობისა, რითი ხართ დაინტერესებული?
– ჩემი საყვარელი საქმე, ცალსახად, ცხობაა, მაგრამ მომწონს ქსოვა, ჭრა-კერვა… ფანტაზიები არ დამეწუნება… შინაგანად ხელოვანი ვარ.
– …და მთავარი – ქალის ღირსება – ოჯახი...

– მიყვარს ჩემი ოჯახი. მყავს მოსიყვარულე და თანამოაზრე მეუღლე – ლევან შენგელია. ტყუპი ვაჟები: ლაშა და გიორგი. როგორც გითხარით, ყველაფერში მეხმარებიან, – ეს საცხობი ხომ ჩვენი პატარა ოჯახური ბიზნესია. მეც, როგორც მეუღლე და დედა, ყველაფერში მათ გვერდით ვარ.
– ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თქვენს ცხოვრებაში?
– მნიშვნელოვანი დღე ჩემთვის ჩემი ტყუბი ბიჭების დაბადებაა. უბედნიერესი დედა ვარ.
– რა თვისებებს აფასებთ ადამიანში?
-მადლიერებას.
– ნათია, რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
– ისე მიყვარს ჩემი ზუგდიდი, ჩემი სამეგრელო, ჩემი ზუგდიდელები, რომ ყველას ვუსურვებ წარმატებას, ერთმანეთის სიყვარულს და პატივისცემას.
საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ
