- მოქალაქე ცირა ჭეჟია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ბოტანიკურ ბაღზე წერს: “აქ არის ისტორიული ხეები, რომლის ჭრილები ამოვსებულია ჩვეულებრივი წებო ცემენტით, რაც მიუღებელია. ამას გაუნათლებელი, უსწავლელი ხეპრეც კი არ გააკეთებს. ეს შეგნებულად არის გაკეთებული და მიზნობრივად გათვლილი ხეების უმრავლესობა ხელოვნურად არის დაზიანებული. უნდა მოვთხოვოთ სასწრაფოდ მიექცეს ყურადღება ამ უმსგავსობას… თუ არადა, რაღაც ზომების მიღებაა საჭირო!” ამ ინფორმაციას მოგვიანებით აზიარებს ვებგვერდი “სარკენიუსი”.
“ზუგდიდელებმა” ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ზვიად ქარჩავას სთხოვა პასუხი გაეცა ზემოთხსენებული ბრალდებისთვის: “როგორც იცით, ბაღში მრავლად არის გადაბერებული და ფაუტიანი (ფუღუროიანი) ხეები, რომლებიც დაავადებულია და ეს დავადება მოქმედია, რომ შემცირდეს დაავადება, ფუღუროს მექანიკურად აცლიან დაზიანებულ და ავადმყოფ ნაწილებს, ამუშავებენ სპეციალური ხსნარით და ამოქოლავენ სპეციალური მასით, რასაც ეს ქალბატონი “წებოცემენტს” უწოდებს, ამით მცირდება ეროზია და მცენარეს უხანგრძლივდება სიცოცხლე. ამ მიზნით არის ეს ამოქოლვა გაკეთებული.
ეს არის აგროტექნიკური ღონისძიების უკიდურესი ფორმა, რომელიც კეთდება ისეთ ხეებზე (ბაღის, პარკის ტერიტორიაზე, ურბანულ გარემოში), რომელთაც აქვთ ისტორიული მნიშვნელობა, არის წითელი ნუსხის სახეობები (მხოლოდ განსაკუთრებულ ხეებზე) და ხეთა წამლობის უკიდურესი ფორმაა. ხეების დალუქვა (დაბჟენვა) ხდება ცვილით (საუკეთესო შემთხვევაა) ცემენტით, ან თიხით. ხეს, რომლის მერქანიც დაზიანებულია, აქვს დიდი ზომის ფუღურო, პირველ რიგში ხდება მავნებლის იდენტიფიკაცია (მწერი, სოკო, ბაქტერია) შესაბამისად იდენტიფიცირებული მავნებლების მიხედვით სუფთავდება ხის დაზიანებული ნაწილი, ხდება მისი დამუშავება. ქალბატონ ცირას მოემართა ადმინისტრაციისთვის და ავუხსნიდით. აქ ვართ 24 საათი. კრიტიკა ადვილია, აი საქმის კეთება კი, არ ვიცი, ვის როგორ სურს.”
“ზუგდიდელები” ამ თემაზე საუბარს გააგრძელებს.