მოსწავლეებმა, სააღდგომოდ, მიტოვებული საფლავები დაასუფთავეს


ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგისდა ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, ინეზა მურღულიას ვიდეოს სოციალურ ქსელში, მიტოვებული საფლავების დასუფთავებაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

„დაახლოებით 25 წელია, მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვასუფთავებთ უპატრონო, მიტოვებულ საფლავებს. სასაფლაოებზე, როცა გავიდოდი და ვნახავდი მოუვლელს, ეგრევე ვეტყოდი მოსწავლეებს, მოდით, დავასუფთავოთ მეთქი, ისინიც უცებ ამყვებოდნენ. ახლაც ასე მოხდა, დასუფთავებაზე ყოველთვის სხვადასხვა კლასი მიმყავს. გავედით და 17 საფლავი დავასუფთავეთ. ყველა ბავშვს ხელთათმანი მოაქვს, ბავშვებს წინასწარ ვუთანხმებ, ვინმეს ალერგია ხომ არ აქვს, ან პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ, დასუფთავების პროცესი მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და კმაყოფილები არიან. ყველაფერს მონდომებით და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.  პირველ რიგში, მივდივართ ქალბატონ ირა ედიგაროვას, ღვაწლმოსილი პედაგოგის საფლავზე, მისი მშობლებიც იქ არიან დასაფლავებული, არავინ არ ჰყავს ნათესავი ამ ქალაქში“.dasufTaveba

ინეზა მურღულიას განმარტებით, მიტოვებული საფლავების მოვლის სერვისის არ ჰქონა ქმნის პრობლემებს. „არავისთვის არ არის სასიამოვნო, მიტოვებული, დაუსუფთავებული საფლავების ნახვა. ზაფხული ახლოვდება,  სარეველა მცენარეები იზრდებიან. ბევრჯერ მითქვამს, არა თუ სკოლებმა, სხვადასხვა კომპანიებმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, ორი საათი გავიმეტოთ, გავიდეთ მიტოვებულ საფლავებზე და დავასუფთავოთ. ეს დიდი მადლია, არავინ არ ვართ მარადიული და არავინ იცის, ვის რა ბედი გვეწევა მომავალში.“

ქალბატონმა ინეზამ გვითხრა, რომ ყოველ წელს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რგავენ ნერგებს და ახლაც აპირებენ დარგონ მსხმოიარე ხეები. „გვინდა ეს ტრადიციად დავნერგოთ, ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება გამწვანება, გვინდა პატარა წვილი შევიტანოთ ქვეყნის გამწვანებაში“.

ქალბატონმა ინეზამ „ზუგდიდელებთან“ აღნიშნა, რომ გარდა, მიტოვებული საფლავების დასუფთავებისა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება ჩაუტარებია და არა მარტო ზუგდიდში, მის ფარგლებს გარეთაც. არაერთი შეჭირვებული ოჯახისთვის გაუწვდენია დახმარების ხელი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!