მერიკო ფიფია: მთავარი მაინც სურვილი, მონდომება და მოტივაციაა


“ზუგდიდელმა მერიკო ფიფიამ ასპროცენტიანი გრანტით დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი. ოქროს მედალზე დაამთავრა ზუგდიდის მ. კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. 
მომავალმა ექიმმა „ზუგდიდელებს“ უთხრა, რომ ფაკულტეტის არჩევისას დიდხანს ფიქრობდა, რადგან, მისი აზრით, არჩეული სფერო დიდი სირთულებთან და პაუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

– ადამიანი სადაც არ უნდა მუშაობდეს და რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეს, უპირველეს ყოვლისა, მას თავისი პროფესია უნდა უყვარდეს. სამედიცინოზე ჩაბარება ჩემთვის იოლი აღმოჩნდა, მაგრამ წინ ძალიან მძიმე, შრომატევადი დღეები მელოდება. რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე გავიაზრე და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. ალბათ, ყველა ექიმის მიზანი არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ამასთან, ჩემთვის, მნიშვნელოვანია იმ საკითხების შესწავლა, რომლებიც დღესაც პასუხგაუცემელია მედიცინაში. მიყვარს სიძნელეები და მსურს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც დაინერგოს ის, რის გამოც ქართველები სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიდიან. ჩემი მიზანია თანამედროვე მედიცინაში გარკვევა და მისიგამოწვევების მიღება.
-გრანტამდე შენს ცხოვრებაში ოქროს მედალი იყო…
-დიახ. მედლის გადმოცემის დღე არასოდეს დამავიწყდება. ძალიან ვნერვიულობდი, ემოციების, შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. მინდა ერთი რამ აღვნიშნო, მივესალმები მედლის შემოღებას სასკოლო სისტემაში. მოსწავლეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად ნამდვილად კარგია. ასევე აღსანიშნავია პროექტი „პირველი კომპიუტერი“. ეტაპობრივი საჩუქრები მოსწავლეს აფიქრებინებს, რომ მისი შრომა არ იკარგება, მოტივაციას სძენს, რაც დასაფასებელია.
-ელოდი გრანტის მოპოვებას?
-ქულებიდან გამომდინარე, ველოდი გრანტის მოპოვებას, თუმცა არ მივარაუდია სრული დაფინანსება იქნებოდა ეს თუ ნაწილობრივი. როცა გავიგე სრული დაფინანსება მოვიპოვე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ძალიან ბედნიერი და ამაღელვებელი იყო ჩემთვის.
–სკოლა თუ რეპეტიტორები,- ვისი წილია მეტი შენს გრანტში?
-გრანტის მოპოვება ყველა იმ მასწავლებლის დამსახურებაა, ვისთანაც შეხება მქონია. საბოლოო ჯამში, გამოცდაზე იხსენებ და აკოწიწებ იმ ინფორმაციას, რაც ოდესმე კომპეტენტური პირისგან მოგისმენია.
-რა გრძნობაა სტუდენტობა, მომიყევი პირველ ემოციებზე, განცდებზე, შთაბეჭდილებებზე?
-პატარა კლასიდან უზარმაზარ აუდიტორიაში მოხვედრა არც თუ ისე მარტივია, რამდენიმე დღე მხოლოდ ადაპტაციას სჭირდება. თავდაპირველად, ძალიან დაძაბული ვიყავი, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერს შევეჩვიე და მიყვარდება აქაურობა.
-ალბათ, შენი ქალაქი გენატრება…
-დიახ, ძალიან მენატრება ოჯახი, მეგობრები, მასწავლებლები. ის ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს სწავლა-აღზრდის საქმეში. ამჟამად დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა დრო როგორც კი გამომომიჩნდება, აუცილებლად ჩამოვალ.
-ლექციების შემდეგ რას აკეთებთ, მოასწარი ქალაქის დათვალიერება?
-თუ ვრცელი მასალა არ გვაქვს მოსამზადებელი, ჯგუფელები ვიკრიბებით, სხვა შემთხვევაში, დროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებ. მალე ალბათ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებშიც ჩავერთვები”

….

ეკა ფარულავა

სრული ვერსია ჟურნალი “ზუგდიდელები” #52


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!