მერიის პრესსამსახურის განცხადება


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს განცხადებას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო. თითქოს ზუგდიდის მერიამ არ დართო მათ უფლება გაეშალათ კარვები ბულვარში და ამიტომ მართავენ შიმშილობის აქციას თავიანთი ოფისის აივანზე. მერიის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია:
” მედიასა და სოციალურ ქსელებში ,,პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის თეონა ქარდავას მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ქალაქ ზუგდიდის მერიამ უარი განაცხადა აქციის გამართვის ნებართვის გაცემაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 12 ნოემბერს შემოვიდა ,,პატრიოტთა ალიანის“  წერილი, რითაც საინიციატივო ჯგუფი ითხოვდა შიმშილობის აქციის გამართვას. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას, ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარ გაფრთხილებას, აღნიშნულზე ქალაქის მერია რაიმე სახის იფიციალურ ნებართვას არ გასცემს. იგი მხოლოდ ითანხმებს აქციის გამართვის ადგილს.

 

ზემოაღნიშნულ წერილზე ქალაქის მერიამ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოახდინა რეაგირება, რაც გამოიხატა ოფიციალური წერილით საინიციატივო ჯგუფისადმი მიმართვაში, სადაც აღნიშნულია აქციის გამართვისათვის არსებული ყველა სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე.  შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მერია წინააღმდეგი არ არის, აქციის მსურველთა ნების  გათვალისწინებით, საპროტესტო აქცია გაიმართოს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში. რაც შეეხება კარვის გაშლას, მსგავსი მოთხოვნა აქციის ორგანიზატორებს წერილში არ დაუფიქსირებიათ”.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!