“გიდასტურებთ, რომ ქალაქ ზუგდიდის მერიაში ბაღების თანამშრომელთა კოლექტიური წერილი შემოვიდა ანალოგიური თხოვნით. წერილზე პასუხს ხელმომწერები კანონით დადგენილ ვადაში მიიღებენ. აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს ბაღების თანამშრომელთა ხელფასი 20 %-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში ორჯერ მიიღეს პრემია, გარდა ამისა, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, მათ ე.წ. საშვებულებო თანხაც ჩაერიცხა, ხოლო მერის პირადი გადაწყვეტილებით, ხელფასზე დანამატის სახით დეკემბერში, ბაღების უკლებლივ ყველა თანამშრომელს 100 ლარი ჩაერიცხა. მომავალი 2016 წლის სექტემბრიდან, ბიუჯეტში, ხელფასები კვლავ 20 %-ით გაიზრდება. დაგეგმილია ბაღების პედაგოგებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-სემინარების ჩატარება და ბაღების ტექნიკური გაძლიერება.
სკოლამდელი დაწესებულებების გამართული ფუნქციონირება ქალაქ ზუგდიდის მერიის მთავარ მიზანს წარმოადგენს სწორედ ამიტომაც, ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის ამაღლება გახლავთ.
განგიმარტავთ, რომ საბიუჯეტო კოდექსის თანახმად ,,მეცამეტე ხელფასის“ ფინანსური ცნება არ არსებობს.”- ასეთი შინაარსის წერილი მიიღო ქალაქის მერიისაგან მედიამ ბაღების პედაგოგთა მოთხოვნასთან დაკავშირებით ანა წითლიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე.
დღეს, ქ. ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია «ნაციონალების» წევრმა ანა წითლიძემ სამეგრელოს განვითარების ცენტრში გამართა ბრიფინგი. როგორც დეპუტატმა უთხრა მედიას, მან მიიღო ზარი ქ. ზუგდიდის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელისგან, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაემუქრა პედაგოგებს შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტით ქალაქის მერი, თუ ისინი ხელს მოაწერდნენ განცხადებას ხელფასის მომატებისა და მე-13 ხელფასის გაცემის მოთხოვნის შესახებ. «ძალიან ცუდია, როცა მერს გარდა მუქარისა, არ შეუძლია სხვა პასუხი გასცეს პედაგოგების მოთხოვნას, როცა ქალაქის მერი საბავშვო ბაღის აღმზრდელებს უთვლის «ვისაც არ მოსწონს ამ პირობებში მუშაობა, შეუძლიათ წავიდნენ სახლებშიო». ჩვენ დავიცავთ თითოეული მათგანის უფლებას. უკვე საქმის კურსში ჩავაყენეთ არასამთავრობოები. აღსანიშნავია ისიც, რომ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ, ამ დილით, მერიაში დაიბარა კონკრეტული პირები საბავშვო ბაღებიდან და დააწერინა ახსნა- განმარტებითი ბარათები ამ საქმესთან დაკავშირებით და გააფრთხილა, რომ ისინი დაისჯებიან, თუ გააგრძელებენ მსგავს მოთხოვნებს. მე მინდა მივმართო მათ, რომ ასეთი მუქარით ვერ შეაშინებენ საბავშო ბაღის პედაგოგებს, რადგან მათ გვერდით დავდგებით ჩვენ და დადგება საზოგადოება,»- განაცხადა ანა წითლიძემ.
ბრიფინგზე ანი წითლიძემ მედიას მისცა მობილური ტელეფონის ნომერი ერთ-ერთი აღმზრდელისა, რომელსაც უნდა დაედასტურებინა მერიის ქმედება მათ მიმართ, მაგრამ ამ წუთამდე, ამ ნომრის აბონენტი ჩვენთვის მიუწვდომელია, რადგან ის არ პასუხობს ზარს.
«ზუგდიდელები. ჯი» საქმის გასარკვევად ესტუმრა ქალაქის მერს, მაგრამ ის არ იმყოფებოდა ადგილზე. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ მედიას უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მედია მოგვიანებით მიიღებს მერის წერილობით განცხადებას.