ქალაქის მერია საახალწლოდ სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს სოციალურად დაუცველ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარს. პაკეტებში მოთავსებულია პროდუქტები, რომელიც საახალწლოდ ნებისმიერი ოჯახის სუფრას დაამშვენებს. “ზუგდიდელებთან” საუბარში, ზუგდიდის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის უფროსმა თამარ სოსელიამ აღნიშნა, რომ “წელს, მერია, საახალწლო სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს 226 ბენეფიციარს, რომელიც ყოველდღიურად ღებულობს ცხელ სადილს უფასო სასადილოში. სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 15 ბენეფიციარს, 20 ომის ვეტერანს და ასევე 20 დედ-მამით ობოლ ბავშვს. სასაჩუქრე პაკატებში მოთავსებულია: შესქელებული რძე, შაქარი, კარაქი, ქათამი, კვერცხი, ფქვილი, თაფლი, კარამელი ხილის და შოკოლადის კანფეტები. ოდნავ განსხვავებულია ბავშვებისა და ვეტერანების კალათა. ბავშვების კალათაში დამატებულია ტკბილეული, ვეტერანების სასაჩუქრე პაკეტში კი, წითელი, მშრალი ღვინო და ხორცის კონსერვი. ერთი პაკეტის ღირებულება 50 ლარს შეადგენს. მთლიანობაში, საახალწლო, სასაჩუქრე პაკეტებისათვის დაიხარჯა 18 ათასი ლარი. გარდა ამისა, ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამ ადამიანებს, დავდივართ უფასო სასადილოში, ვამოწმებთ რამდენადაა დაცული სანიტარული ნორმები, ვხვდებით სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ბენეფიციარებს. ქალაქის მერია ცდილობს, ამ ადამიანებს შეუქმნას თბილი გარემო და გაულამაზოს მომავალი დღეები. მინდა, დამდეგი ახალი წელი მივულოცოთ ჩემს თანაქალაქელებს, ჩვენს ბენეფიციარებს, თთოეული ჩვენთაგანისთვის ფეხბედნიერი და წარმატების წელი ყოფილიყოს”