ააიპ. “ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მართვის ცენტრის” დირექტორი გოჩა ჭიჭინაძე, რომელიც წლების მანძილზე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა, წელიწადია ცენტრს ხელმძღვანელობს. გოჩა ჭიჭინაძე: ქალაქისა და რაიონის გამიჯვნის შედეგად, ქალაქს ექვსი სასაფლაო დარჩა: #1 ჭითაწყარის ძველი სასაფლაო; #2 მაცხოვრის კარის სასაფლაო; #3 ქაფათის სასაფლაო; #4 საჯვაროს სასაფლაო; #5 რკინიგზის სასაფლაო და #6 ჭითაწყარის სასაფლაო
ცენტრის საქმიანობაში ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ არ არსებობს სასაფლაოების არქივი, – მონაცემთა ბაზა, რითაც შესაძლებელი იქნება სასაფლაოების მეპატრონეებთან, ანუ ჭირისუფალთან დაკავშირება. ცენტრი მოწმობებს გასცემს როგორც ახალ, ასევე ძველ სასაფლაოებზე. ახალი სასაფლაოების მოწმობები ფასიანია.
რაც შეეხება ცენტრის ბიუჯეტს, – დაცული მუხლების გარდა, შედის თანამშრომელთა ხელფასები და ელექტროენერგიის, რემონტის, და საწვავის ხარჯები, ბიუჯეტიდან ცენტრს სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი აქვს 35 000 ლარი.
– ბატონო, გოჩა, რამდენადაა დღეს სასაფლაოები მოწესრიგებული?
– როცა მოხდა მუნიციპალიტეტის სოფლების სასაფლაოებისა და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების გამიჯვნა, და ჩვენ შევუდექით ჩვენი მოვალეობის შესრულებას, სასაფლაოებიდან 80-მდე მანქანა ნაგავი გავიტანეთ. ცენტრს ემსახურება ერთი მოტოციკლი, ერთი მუშა, რომელსაც ეხმარებიან სასაფლაოების მცველები და სასაფლაოს ტერიტორიებიდან ყოველდღიურად გაგვაქვს ნაგავი.
-მაგრამ, მოსახლეობა ჩივის, რომ სასაფლაოების ტერიტორიებზე არ არის სანაგვე ურნები…
-ჭითაწყარის სასაფლაოს ტერიტორიის გარდა, ყველგან არის ნაგვის ურნები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რაოდენობით. ჩვენ წერილობითი მოთხოვნა გავაგზავნეთ მერიაში და ველოდებით საკითხის გადაწყვეტას.
თუ ნაგვის ბუნკერები არ არის განთავსებული აღნიშნულ ტერიტორიებზე, ეს არ ნიშნავს, რომ ჭირისუფალმა სხვის სასაფლაო ფართზე, ან ზოგადად სასაფლაოს ტერიტორიაზე, დაყაროს ნაგავი. სამწუხაროა, მაგრამ გაფრთხილების მიუხედავად, ყოველ დილით, მოსახლეობა პირუტყვს საბალახოდ უშვებს სასაფლაოებში. ეს რა თქმა უნდა, პრობლემებს ქმნის და ჩვენ ასეთ დროს შესაბამის სამსახურებს ვუკავშირდებით.
ქალაქში არსებულ ექვსივე სასაფლაოს თითო მეთვალყურე ჰყავს (მათი ხელფასი 240 ლარია), მაგრამ ჩემი სურვილია, სასაფლაოების ტერიტორიაზე კამერები დამონტაჟდეს. ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ევროპის ბევრ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია.
– ორიოდ სიტყვით გვითხარით შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე.
-2014 წელს #6 სასაფლაო შემოვღობეთ, რისთვისაც დაიხარჯა 4 ათას ლარამდე. სულ ამ სასაფლაოს მოწესრიგება დაჯდა 14 000 – მდე ლარი. მოსახლოებამ მერიას მიმართა #4 სასაფლაოს შემოღობვასთან დაკავშირებითაც. შესასრულებელი სამუშაოები დაახლოებით 30 000 ლარის ღირებულებისაა, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავწვდებით და ველოდებით მერიის გადაწყვეტილებას. გეგმაში გვაქვს #6 სასაფლაოს მოხრეშვა და #5 სასაფლაოს წინა ფასადის შემოღობვა.
-გუშინ, საინფორმაციო პორტალზე http://zugdidelebi.ge დაიდო ფოტორეპორტაჟი #3 ქაფათის სასაფლაოდან, სადაც ჩანს, თუ როგორი მოუწესრიგებელია, ეკალ-ბარდითა და გვიმრებითაა დაფარული სასაფლაომდე მისასვლელი გზები, გაუტანელია ნაგავი…
-რაც შეეხება სასაფლაოების ეკალ – ბარდებისაგან გაწმენდას, ეს არ შედის სასაფლაოს მეთვალყურეების მოვალეობაში. იმ მცირე ხელფასით, რომელიც მათ აქვთ, თქვენ გინდათ სასაფლაოების გაწმენდაც შედიოდეს?! მათი უშუალო მოვალეობაა თვალ-ყური მიადევნონ, რომ არ მოხდეს სასაფლაო ფართის მიტაცება და მიცვალებულის უნებართვოდ დაკრძალვა.
ჩვენ იდეაში გვაქვს, შევქმნათ სპეციალური სამსახური, რომელიც ჭირისუფლის მიერ გაღებული თანხებით მოუვლის მათ სასაფლაოებს. ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ ჭირისუფლებს, მაგრამ დღემდე არავინ დაინტერესებულა და იდეა დარჩა იდეის დონეზე.
–რაც შეეხება უპატრონო მიცვალებულებს…
-საბედნიეროდ, ჩემი მუშაობის განმავლობაში ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია, მაგრამ გვაქვს სპეციალური ადგილები, სადაც უპატრონო მიცვალებულები შეიძლება დავასაფლავოთ. მათი დაკრძალვისათვის თანხები საჭიროებისამებრ გამოიყოფა .
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ
“რაც შეეხება სასაფლაოების ეკალ – ბარდებისაგან გაწმენდას, ეს არ შედის სასაფლაოს მეთვალყურეების მოვალეობაში. იმ მცირე ხელფასით, რომელიც მათ აქვთ, თქვენ გინდათ სასაფლაოების გაწმენდაც შედიოდეს?!” აბა რა შედის ?? აბა რა უფლება მოვალეობები გაკისრიათ? ვაი თქვენს პატრონს.