ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის მედიამუზეუმის დამფუძნებელმა მარინა დამენიამ ჟურნალისტთა დღეს მიუძღვნა მედიაგაკვეთილი-სემინარი, რომელიც ზუგდიდში პირველი გაზეთის ,,ავრორას” გამოცემას ეხებოდა. სემინარს კულტურის დარგის წარმომადგენლები, მათ შორის ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მარინა დამენია ამბობს, რომ ზუგდიდის მედიამუზეუმს, რომელიც ერთადერთია მთელს საქართველოში და 12 ათას სანიმუშო მედიაპროდუქტს ინახავს, ამშვენებს პირველი გაზეთის “ავრორა” (ასლი), რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდები გამოსცემდნენ. ის ახალგაზრდები, რომლებმაც შემდეგ დიდი წვლილი შეიტანეს სრულიად საქართველოში მედიის განვითარებში და არა მარტო.