მედეა აბრამია: ზუგდიდი და FRIEDENSDORF ჩემი ცხოვრებაა-ტკივილი და სიხარული


“ის ჩემი პირველი გაზაფხულია, პირველი თოვლი, პირველი სევდა, პირველი სიყვარული, პირველი ერთგულება, პირველი ღალატია, პირველი წარმატებაა, პირველი იმედგაცრუებაა და წარუმატებლობაა… ყველაფერი მიყვარს, რაც მასთან არის დაკავშირებული. ის არ არის ჩემთვის უსულო საგანი, ის ჩემთვის დედასავით ტკბილია…” -ეს გახლავთ ამონარიდი, თბილისში მოღვაწე, ზუგდიდელი ექიმის მედეა (ნანა) აბრამიას პირადი ჩანაწერებიდან და რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს სატრფიალო სტრიქონები, მან, ზუგდიდს უძღვნა, ქალაქს, სადაც დაიბადა და გაიზარდა ცნობილი ექიმების ამირან აბრამიასა და მადონა ჭანტურიას ოჯახში. ამ პირად ჩანაწერებში, ქალბატონი მედეა, იხსენებს მისი ბავშვობის ზუგდიდს, როგორც კულტურულ და ინტელექტუალურ ცენტრს, სადაც ქვეყნისთვის ცნობილ, არაერთ, სასახელო და სამაგალითო ადამიანს უცხოვრია. იხსენებს წლებს ტკივილიანს, სიხარულიანს მისთვის, ზუგდიდელებისთვის და სრულიად საქართველოსთვის. იხსენებს სამეგობროს, რომელსაც ჩვენთვის კარგად ცნობილი ათეულობით ადამიანის სახელი და გვარი ამშვენებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე, ზუგდიდსა თუ ზუგდიდს გარეთ, მაგრამ ზუგდიდურად უდგანან ერთმანეთს მხარში. ანზორ მელია, ზვიად ნოდია, მალხაზ ხულორდავა, ვანო ლუკავა, თემურ ღვინჯილია, კოტე ქანთარია, თამაზ ცხაკაია, მურმან მირცხულავა, როზა კაკულია, ლალი წითლიძე, მანანა ჩიხლაძე, ნანა ქირია, რუსუდან ადამია, მანანა ნოდია, დები ჯიჭონაიები, დები შენგელაიები, დები ჯოლოხავები. ზუგდიდს გარეთ, ზუგდიდში კი, ლარისა ბერიშვილი, ნონა ლაშხია, ნანი ლუკავა, თემურ გაბედავა, გურამ გაბელია და ცად ამაღლებულები-ზურაბ ნარმანია და ილუშა მეუნარგია, რომელთა სულებისთვის მუდამ ლოცვაშია ქალბატონი მედეა.
მედეა აბრამია ამზადებს წიგნს სახელწოდებით “კამელიების ქარიშხალი”, სადაც აღწერს რადიოჟურნალსტი ქალის ცხოვრების ბობოქარ დეტალებს, რომელიც ამზადებს გადაცემას სახელწოდებით “ჩვეულებრივი ქალი” და ისმენს ქალების ცხოვრების ისტორიებს. ის მუდამ ბრძოლაში და ძიებაშია არა მარტო საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და ახლობლებისთვის, არამედ სხვებისთვისაც… იმ “სხვებისთვისაც”, ვისაც ძალიან სჭირდება მისი დახმარება და თანადგომა, გაწვდილი ხელი-წამლით, ლუკმა პურით თუ… ერთი პეშვი წყლით. ეს არის წიგნი ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ. მაგრამ…
მაგრამ, ამ წერილის მიზანი სულაც არ არის მედეა აბრამიას “მომავლის წიგნის” მიმოხილვა და არც მის ემოციურ და გულიდან ნაწურ განწყობებზე საუბარი ლიტერატურულ, თუ დოკუმენტურ გმირზე, მის მშობლიურ ქალაქზე და სამეგობროზე. ამ წერილში, ჩვენ, გავეცნობით ერთ ინტერვიუს ქალბატონ მედეაზე, რომელიც მიმდინარე წელს, გერმანიაში, გამოქვეყნებულ საცნობარო ხასიათის წიგნში “FRIEDENSDORF INTERNATIONAL”-ში დაიბეჭდა. წიგნში გამოქვეყნებული მასალა ასახავს ექიმ მედეა აარამიას ფასდაუდებელ ღვაწლს ბავშვების ჯანმრთელობის დასაცავად, რომელსაც ის წარმართავს გერმანიის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად.
არაერთი ქართველი ბავშვის ტკივილის გამყუჩებელი და მკურნალი გერმანული ორგანიზაცია ფრიდენსდორფი 50 წლისაა. საზეიმო საიუბილეო ცერემონიალზე მიწვეული იყო ქალბატონი მედეაც, რომელიც უკვე ათეული წლებია, ფრიდენსდორფის წარმომადგენელია საქართველოში და თან ასოციაციას “ჯანმრთელი ბავშვები” ხელმძღვანელობს. მისი უშუალო დახმარებით, უმძიმესი დაავადებებით და ურთულესი ანომალიებით დაავადებულ პატარებს ახალი ცხოვრება ეწყებათ. ეს არ არის ადვილი საქმე, ეს არ არის მხოლოდ პატარების გერმანიაში გადაყვანისა და ჩამოყვანის წარმატებით ორგანიზება, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, ერთბაშად რამდენიმე ათეული ბავშვის დედობა და მათ სუნთქვაზე მიბმული საკუთარი სუნთქვა, ტკივილი-გაუსაძლისი და სიხარული,-ენით აღუწერელი, ხშირად და ბევრჯერ უმადურობაც, მაგრამ მაინც დიდი მადლი.
მედეა აბრამიას უყვარს ზუგდიდი, საქართველო და უყვარს გერმანული “ფრიდენსდორფი”. მისი ცხოვრება ამ ორი ქალაქის სიყვარულითაა გაჟღენთილი. სწორედ ეს მუხტი იკვეთება გერმანულ გამოცემაში დაბეჭდილ იმ ინტერვიუში, რომელიც შეიძლება ითქვას, არის მედეა (ნანა) აბრამიას ანგარიში თავისი ქვეყნისა და ქალაქის წინაშე.
ფრაგმენტები გერმანია-საქართველოს ურთიერთობების შესახებ:
მიმდინარე წელს, გერმანიაში, გამოქვეყნდა საცნობარო ხასიათის, უხვად დასურათებული და მაღალ დონეზე შესრულებული წიგნი “FRIEDENSDORF INTERNATIONAL”, რომელიც ერთობ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ, ჰუმანიტარულ საწყისებზე დაფუძნებული ურთიერთობის შესახებ.
წიგნი შეიცავს მოკლე ისტორიას და ინფორმაციულ მასალას დამსახურებული ადამიანების საქმიანობის შესახებ. აქვეა დასტამბული ინტერვიუები ამ ადამიანებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ და არიან ჩართულნი ამ საქმიანობაში. ეს კი გულისხმობს შემდეგს: გერმანიის ჩრდილოეთით, კერძოდ, ობერჰაუზენში და დისსლაკენში არსებობს საქველმოქმედო ორგანზიაცია, რომელიც ძირითადად, დაკავებულია ომისა და საზღვრისპირა კრიზისულ რაიონებში დაზარალებული ბავშვებისა და ლტოლვილი ოჯახების დახმარებით.
პირველი პრაქტიკული ნაბიჯები ამ ორგანიზაციამ XX საუკუნის 70-იან წლებში გადადგა. 1967 წელს ობერჰაუზენში შეიქმნა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ვიეტნამიდან, ალბანეთიდან და სხვა მრავალი ქვეყნიდან, მუდმივად, ჩამოჰყავთ პატარა პაციენტები. ამ ცენტრში ქართველი ბავშვები, პირველად, 1994 წელს მოხვდნენ. მას შემდეგ გერმანელი სპეციალისტების ჯგუფი, ყოველწლიურად, ჩამოდის საქართველოში და სამკურნალოდ შერჩეული ბავშვები, ჩარტერული რეისით მიჰყავთ გერმანიაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. თავდაპირველად, ისინი თანამშრომლობდნენ საქართველოს ბავშვთა ფონდთან, რომლის ხელმძღვანელი იყო ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ბატონი ხუტა ბერულავა, რომელმაც ფაქტიურად ჩამოიყვანა ფრიდენსდორფი საქართველოში, სწორედ აქ მუშაობდა ექიმად ქალბატონი მედეა. 2005 წლიდან ჩამოყალიბდა ასოციაცია “ჯანმრთელი ბავშვები”, რომელიც გახდა “FRIEDENSDORF INTERNATIONAL”- ის პარტნიორი ორგანზაცია. გამორჩეული და უანგარო ექიმი-მედეა აბრამია უკვე თავად ხელმძღვანელობს ასოციაციას “ჯანმრთელი ბავშვები”. წლების მანძილზე, იგი სამაგალითო ერთგულებითა და თავდადებით უძღვება ავადმყოფი ბავშვების გამოჯანმრთელების საქმეს. ქალბატონი მედეა აბრამია 1997 წლიდან თავად მიჰყვება ბავშვებს გერმანიაში, განათავსებს მათ პროფილის მიხედვით კუთვნილ საავადმყოფოებში, კლინიკებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში. წამოსვლის წინ, ბავშვებს საჩუქრად ურიგდებათ ჩანთები და ტანსაცმელი, აგრეთვე მედიკამენტები ხანგრძლივი მკურნალობისათვის. შემდეგ კი, ნამკურნალევ და გამოჯანსაღებულ ბავშვებს, ქალბატონი მედეა, უბრუნებს მშობლიურ კერას. მშობლების მადლიერებით სავსე ბარათებს ხომ ვერ მოთვლით. ისინი ვერ ფარავენ თავიანთ სიხარულსა და კმაყოფილებას.
ამ ორგანიზაციამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას გაუწია ქმედითი დახმარება. გერმანიამ უსასყიდლოდ უმკურნალა ბავშვებს შემდეგი ქვეყნებიდან: ვიეტნამი, იაპონია, კერძოდ ხიროსიმიდან, რუსეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ავღანეთი, გამბია, კამბოჯა, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ლიბანი, პალესტინა, საქართველო.
როგორც აღვნიშნეთ, წიგნში მოთავსებულია ინტერვიუ სხვადასხვა პარტნიორი ორანიზაციის ხელმძღვანელებთან. გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ მედეა აბრამიასთან:

“-როგორ და როდის დაიწყო ერთობლივი მუშაობა საქართველოსა და “FRIEDENSDORF INTERNATIONAL” შორის?
-1994 წელს, პირველი 14 ბავშვი გადაფრინდა გერმანიაში სამკურნალოდ. მოგვიანებით, საქართველოს ეწვია გერმანიის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი როლანდ გეგენფურტნერი და მისი ასისტენტი ბირგიტ ჰელმუტი თავის გუნდთან ერთად. ჩვენ ამ დროიდან მოყოლებული, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ერთად ვუზრუნველვყოფთ ბავშვების გამოჯანმრთელებას. გერმანია გახდა ჩემი მეორე სამშობლო და “FRIEDENSDORF INTERNATIONAL”-ის მოღვაწე ყველა ადამიანი ჩემი საკუთარი ოჯახის წევრივით მიყვარს
-რას ნიშნავს თქვენთვის ერთობლივი მუშაობა?
– ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან ბევრი ბავშვი გადავარჩინეთ. შევძელით მათი ფეხზე დაყენება: დავეხმარეთ რომ, ხელმეორედ დაეწყოთ სიარული, ნორმალურად მოშარდვა, კარგად დანახვა, მკურნალობას ვუტარებთ ყურებზე, პირის ღრუზე. პაკეტ აქციის მეშვეობით ვამარაგებთ მათ ტანსაცმლით და საჭირო მედიკამენტებით. ზოგიერთ ბავშვს მეორედ და მესამედაც დასჭირდა გერმანიაში გამგზავრება და სარეაბილიტაციო კურსის გავლა. ამასობაში, ისინი წამოიზარდნენ კიდეც, შექმნეს საკუთარი ოჯახები და ნორმალური რიტმით ცხოვრობენ. ეს შრომა სასიამოვნოა, იგი მე მახალისებს და სიცოცხლის ძალას მმატებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებში ვარ და მეუღლეც ავად მყავს, მაინც ვახერხებ ბავშვებზე ზრუნვას. “FRIEDENSDORF” ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია. 22 წლის მანძილზე, ჩემთან კონსულტაცია 5000-მდე ბავშვმა გაიარა, ხოლო გერმანიიდან 700 განკურნებული ბავშვი დაუბრუნდა ოჯახებს.
– ალბათ, უთუოდ, გახსოვთ განსაკუთრებული ბავშვები?!
-ყველა ბავშვი განსაკუთრებულია, მათი ჩამოთვლა შორს წაგიყვანს. მთავარი ისაა, რომ დაინვალიდებულნი და სიცოცხლის უნარმოკლებულნი, ჩვენი ძალისხმევით, შემდგომში, გამოჯანმრთელდნენ და ცხოვრების ხალისი შეიძინეს. ბევრ მათგანს გაუჩნდა ექიმობის სურვილი, რომ მომავალში, თავადაც დაეხმაროს ავადმყოფებს. მე უკვე ვიცი სამედიცინო ინსტიტუტის სამი სტუდენტი, რომლებიც “FRIEDENSDORF”-ის პაციენტები იყვნენ.
-რას ისურვებდით მომავალში?
– ვისურვებდი, რომ ყოველთვის, მქონდეს ენერგია და უნარი იმისა, რომ თავს შემოვევლო თითოეულ ავადმყოფ ბავშვს. ასაკთან დაკავშირებით ხშირად ავადვმყოფობ, მაგრამ მჯერა, რომ თუ ვეღარ შევძლებ საყვარელი საქმიანობის გაგრძელებას, მაშინ ჩემი ქალიშვილი, რომელიც ჩემი კოლეგაა, შეძლებს ჩემს შეცვლას და ღირსეულად გააგრძელებს ბავშვების გამოჯანმრთელებისათვის ბრძოლას. წარმოიდგინეთ, ამავე აზრისაა ჩემი შვილიშვილიც, რომელიც ამთავრებს სკოლას და უკვე მიზანდასახულად ფიქრობს, რომ მომავალში მოემსახუროს ბავშვთა ჯანმრთელობას.
გეგმები მრავალრიცხოვანი და გრანდიოზულია. ჩემი ოცნებაა ქართული ფრიდენსდორფი. ჯერ თბილისში, შემდგომ სხვა ქალაქებში, მაგრამ თუ მთავრობა, პარლამენტი და სამინისტროები არ დამეხმარებიან, არაფერი გამომივა. ყველა პარტნიორ ქვეყანაში, სახელმწიფო ფრიდენსდორფის გვერდით დგას. გერმანელებისგან ასპროცენტიანი მზაობაა, ააშენონ შენობა და დაგვეხმარონ მის აღჭურვაში, მაგრამ ითხოვენ გარანტიებს, რომ შემდეგ ცენტრი ფუნქციონირებას გააგრძელებს. ქართული ფრიდენსდორფი საქართველოს საპატიო მოქალაქის რონალდ გეგენფურტნერის სახელობის იქნება. ის გახლავთ პირველი დირექტორი, რომელმაც ქართველ ბავშვთა პირველი ჯგუფი წაიყვანა გერმანიაში.
2017 წელი გამოცხადებულია საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად. წლის ბოლომდე, იქნებ, მოხერხდეს ცენტრის საძირკველის ჩაყრა. დიდი იმედი მაქვს, ჩემი ოცნება ფრთებს შეისხამს ქვეყნის სასიკეთოდ.”
მასალა მოამზადა ნ. მიქავამ


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!