- საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას, „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი ხუთი მილიონი ლარია.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამაც სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.
ახალი პროგრამით დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მაღალმთიან დასახელებებში მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 70 პროცენტი, თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს.
„სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც შეძლებენ. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება.
აგრარული მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შედეგად ყოველწლიურად იზრდება მსხმოიარობაში შესული ბაღების რაოდენობა, რაც ზრდის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მოთხოვნას.
სახელმწიფოს მიზანია, მეტი ფერმერისა და აგრობიზნესში ჩართული პირისათვის იყოს ხელმისაწვდომი მოსავლის ამღები თანამედროვე ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს აგროვადების გათვალისწინებით მოსავლის აღებას და, შესაბამისად, მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში თანამედროვე ტექნიკის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მოსავლის აღების პროცესს უფრო ოპერატიულსა და ეფექტიანს გახდის. მიმდინარე წელს გაზრდილია მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი.
გასულ წელს გამოყოფილი იყო შვიდი მილიონი ლარი, წელს ეს თანხა ათი მილიონი ლარია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტულობა განისაზღვრა ღირებულების 30 პროცენტით, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარით. პროგრამის ახალი პირობით, თანადაფინანსებით ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაც შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტის აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.