- მაია საჯაია ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ძალიან აქტიური პერიოდია. დაბრუნდა სამშობლოში თავის ოჯახთან ერთად. საკუთარი ბიზნესი შექმნა და აკეთებს საზოგადოებისთვის საჭირო საქმეს. ,,მანდარიები” ზუგდიდელების ყურადღების ცენტრშია, – საკმაოდ პოზიტიურ განწყობას ქმნის მისი, როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი. როგორც ჩანს, მენიუც იმსახურებს მოწონებას.
– მაია, რატომ “მანდარინები”?
– სამშობლოს მონატრებულმა, როცა ფილმი „მანდარინები“ ვნახე, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და კაფის შექმნის იდეაც აქედან გაჩნდა. თუმცა მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ბიზნესი და შემოსავლის წყარო ნამდვილად არ არის. ეს ჩემი მეორე სახლია, სადაც თავს ოჯახივით ვარ და გულით ვაკეთებ ყველაფერს, რომ სტუმრებმა იგრძნონ თავი ისე, როგორც საკუთარ სახლში.

– “მანდარინებს” საფირმო კერძი თუ აქვს?
– ფაქტობრივად, ყველა კერძი საფირმოა, რადგან ჩვენს მიერ შექმნილი რეცეპტებით ვსარგებლობთ. პოპულარული გახდა პიცა “მანდარინები” და კოქტეილი ,,ზუგდიდის ნათება”, რომელმაც დადებითი ემოციები გამოიწვია.
– რა იყო “მანდარინებამდე”?
– „მანდარინებამდე“ იყო ემიგრაცია, მიზნის დასახვა და მისი განხორციელებისაკენ სწრაფვა. რასაც ხელი შეუწყო ჩემი ქალიშვილის ანასტასიას დაბადებამ, – კერძოდ, მე როგორც ქართველმა დედამ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემს შვილს საქართველოში მიეღო სწავლა – განათლება და არა რუსეთში.
– მომიყევით თქვენზე… 19-წელი ემიგრაციაში,- რა განწყობაა ეს დღევანდელი გადასახედიდან?
– ემიგრაციამ ბევრი სირთულე მომიტანა. მასწავლა, როგორ გტკივა, სიშორე, როგორ გიხარია ადამიანური სითბო. როგორ გჯერა დაბრუნების. დღეს უკვე ზუსტად მახსოვს თითოეული წელი, ნაბიჯი აქამდე მოსასვლელად. ახლა კი, ჩემს ქვეყანას, პატარა, მაგრამ გულით შექმნილი საქმე უნდა შევძინო.
– ვინ არის ის, ვისაც თუნდაც ,,თვალდახუჭული” ენდობით?
– ჩემს მეუღლეს, დავით ღადუას, ვენდობი „თვალდახუჭული“.
– პროფესიით ჟურნალისტი ხართ, მაგრამ არასდროს გიმუშავიათ. რატომ თქვით უარი ბავშვობის ოცნებაზე?
– ჟურნალისტობა ჩემი პირველი ოცნება იყო. თუმცა ცხოვრება ისე არ მიდის როგორც გვინდა. ემიგრაციაში გატარებულმა წლებმა ცხოვრების სხვა მიმართულებით წამიყვანა და როცა სამშობლოში დავბრუნდი, მინდოდა საკუთარი გამოცდილება კეთილ საქმედ მექცია. ასე გაჩნდა ,,მანდარინები”.
– როგორია მაია როგორც დედა და მეუღლე. რამდენად მიმტევებელი და რამდენად მომთხოვნი?
– როგორც დედა ვარ ძალიან მოსიყვარულე, ასევე, მეუღლე ვარ ძალიან ერთგული.
– და ბოლოს ჩვენი ტრადიციული შეკითხვა: – რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
– მე მიყვარს ჩემი ზუგდიდი და ზუგდიდელები. ზუგდიდელებს ვუსურვებ, გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ მიმტევებლები. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმათ, ვინც ჩემს გვერდით იდგა და დგას ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში. მობრძანდით, გვესტუმრეთ ,,მანდარინებში”.
მასალა მოამზადა როზა როგავამ
