- „ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ საარჩევნო კამპანია შეაჯამა.
„ჩვენ უკვე ვასრულებთ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას. 30 ოქტომბერი უმნიშვნელოვანესი არჩევანის დღეა – ღირსების პრინციპების და ფასეულობების არჩევანის, რომელსაც ზუგდიდი იცავდა და დაიცავს. არჩევანს ორ რადიკალურად განსხვავებულ რეალობას შორის ვაკეთებთ.
ერთ მხარეს „ქართული ოცნება” და მისი გუნდი – ჩვენ ვართ, ჰუმანური მმართველობით, ადამიანური ემოციებით, თანმიმდევრული განვითარებით, სამშობლოსა და ტრადიციების სიყვარულით.
მეორე მხარეს საკუთარ ხალხზე განრისხებული „ნაციონალური მოძრაობაა”, ავტორიტარული მმართვის სტილით, რომლისთვის თვისებრივია კონფლიქტი საზოგადოებასთან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა, ღირსების შელახვა და დანაშაული.
ზუგდიდი, რომლის წიაღიდანაც მოდის ჩვენი გუნდი, გამოირჩევა თაობებს შორის ურთიერთპატივისცემით, მადლიერებით ღვაწლმოსილი უფროსი და მომავალი თაობებზე ზრუნვით.
ჩვენმა ოპონენტმა „ნაციონალურმა მოძრაობამ” ნაცვლად მადლიერებისა და დაფასებისა, შეურაცხყო ჩვენი უფროსი თაობა, ჩვენი მშობლები.
ზუგდიდი და მთელი საქართველო ადამიანის ღირსების შელახვის და არაადამიანური წამების ლაბორატორიად აქცია, ეს გახლავთ სამალავებში აღმოჩენილ კასრებში მომწყვდეული სასტიკი რეალობა, და ადამიანებზე მოძალადე ჯალათი, რომელიც საბოლოოდ ამ აგრესიული პარტიის სიმბოლო გახდა.
ეს არის ძვირფასო ზუგდიდელებო ჩვენს წინაშე არსებული არჩევანი – „ქართული ოცნება” მისი თანმიმდევრული განვითარების გამოცდილებით და პერსპექტიული გეგმებით, კეთილსინდისიერებით, პროფესიონალიზმითა და „ქართული ცნობიერებით”. და „ნაციონალური მოძრაობა” რევანშის წყურვილით, უპერსპექტივობით და მძიმე წარსულით.
მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ თქვენი მსახურებისთვის და ღირსების გადამწყვეტი ბრძოლისთვის, გვჯერა თქვენი დიდი მხარდაჭერის ამ ბრძოლაში და თქვენი კეთილგონიერების!
ჩემო ზუგდიდელებო, გელით 30 ოქტომბერს და სწორი არჩევანით გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!
მე ვიქნები თვქენი მერი, თქვენი მსახური და მეგობარი!” , – განაცხადა მამუკა წოწერიამ.