გუშინ, მოქალაქე ლალი ცირდავამ, თავისი საცხოვრებელი ბინის კარი ჩამოხსნა და ქალაქ ზუგდიდის მერიასთან, პროტესტის ნიშნად დადო შემდეგი წარწერით: «აი კარი, რომლითაც მამუკა ციმინტია, 79 წლის მწოლიარე ავადმყოფს, ციალა ჯოჯუას დაეხმარა. არ გაინტერესებთ, რა დაუჯდა ციმინტიას წარმოდგენილი კარი? — 4800 ლარი, მოხუცისათვის შემოწირული».
ცირდავა ამბობს, რომ დედამისის, 79 წლის ციალა ჯოჯუას საცხოვრებელი ოთახის გასარემონტებლად, ქალაქ ზუგდიდის მერიამ გადარიცხა ოთხი ათას რვაასი ლარი. არადა, ამ თანხის სარემონტო სამუშაოები მათ საცხოვრებელ ბინაში, როგორც აღნიშნავს, არ გაკეთებულა. ცირდავას ინფორმაციით, 7 კვადრატული მეტრის სიდიდის ფართს, მუშები, ოთხი თვის განმავლობაში არემონტებდნენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის, თითქმის არაფერია გაკეთებული და თავისი სახსრებით უწევს რემონტის გაკეთება.
ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.