- „ზუგდიდელების“ სტუმრები, შ.პ.ს. „ზუგდიდის რაიონის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ თანამშრომლები, ექიმი ლაბორანტი, ქალბატონი ემა ანთია და პოლიკლინიკის მთავარი მედდა ქალბატონი თინათინ ჯაბუა, საოცრად ენაწყლიანი რესპოდენტები აღმოჩნდნენ.
ექიმი ლაბორანტი, ემა ანთია: „გავიზარდე ისტორიულ სოფელში დადიანთა და მიურატთა ნავსაყუდელ ჭკადუაშში. დავამთავრე სოფელ კორცხელის საშუალო სკოლა. შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ბიოლოგიური მედიცინის უნივერსიტეტი ექიმ-ლაბორანტის სპეციალობით. პარალელურად, ვსწავლობდი სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიისა და ქრისტიანული კულტურის ფაკულტეტზე. მამამ მირიან ანთიამ, მოსკოვში დაამთავრა ენერგეტიკის ფაკულტეტი და წლების მანძილზე მუშაობდა ენერგეტიკოსად. დედა ჭუტა სიჭინავა გახლდათ ცნობილი ლაბორანტი, კლინიკოდიაგნოსტიკური მიმართულებით და მუშაობდა სოფელ კორცხელში. მყავს ერთი და ეკატერინე ანთია, ისტორიის დოქტორი. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ბავშვობიდან ვხედავდი, რომ დედას, პაციენტები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ, ენდობოდნენ მის გაკეთებულ ანალიზებს. მეც ვხედავდი, როგორი დიდი ყურადღებით ექცეოდა ის პაციენტებს. დედის პროფესიამ ერთგვარი გავლენა იქონია ჩემს არჩევანზე და ასე გავხდი მეც ექიმ-ლაბორანტი.
ჩემი ექიმ-ლაბორანტად მუშაობის გამოცდილება 18 წელს ითვლის. მიყვარს ჩემი პაციენტები და დაღლას ვერ ვგრძნობ მათთან ურთიერთობაში. რაც შეეხება ჩემს საყვარელ საქმიანობას, თეორიული კუთხით, სტუდენთებთან საუდიტორიო სივრცეში ვაგრძელებ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
თინათინ ჯაბუა: „მე ჯუმიდან ვარ, სადაც დავამთავრე საშუალო სკოლა. 1992 წელს ჩავირიცხე ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ადრე ვმუშაობდი რუხის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. რამდენიმე წლის შემდეგ, შევიცვალე პროფესია, მაგრამ ჩემს მოსწავლეებთან, დღემდე მაქვს მეგობრული ურთიერთობა.
ბავშვობიდან მიყვარდა მედიცინა. 2015 წელს მუშაობა დავიწყე ჭითაწყარის „ევექსის“ კლინიკაში, მედდის პროფესიით, სადაც ქალბატონ ლელა ჭითანავას ხელმძღვანელობით და დიდი პასუხისმგებლობით, ვიმუშავე თითქმის ყველა განყოფილებაში. დღეს ვმუშაობ ზუგდიდის რაიონის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში მთავარ მედდად. აქ არც თუ ისე დიდი ხანია ვმუშაობ, მეგრამ ეს ადგილი ბავშვობას მაგონებს, რადგან ბებიაჩემი თინიკო ფუტკარაძე წლების მანძილზე მუშაობდა აქ. მიხარია, რომ დღემდე, მას, კოლეგები გულთბილად იხსენებენ. ბედნიერი ვარ მეც, რომ ამ არაჩვეულებრივი კოლექტივის წევრი ვარ.
–დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ, განტვირთვას როგორ ახერხებთ?
ემა ანთია: მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, განტვირთვას ვახერხებ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გასვლით. მყავს მეუღლე გენადი ფიფია, პროფესიით ინჟინერია. შვილები: ბაგრატი და ილია ფიფიები მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შვილებთან ურთიერთობაა სწორედ დიდი განტვირთვა.
თინათინ ჯაბუა: ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, მისთვის მე ყოველთვის მაქვს დრო. მყავს მეუღლე მელორი ფარცვანია პროფესიით ინჟინერი. შვილები: ცოტნე და მარიამ ფარცვანიები. ცოტნემ წელს დაამთავრა “გეპეის” უნივერსიტეტი პროგრამისტის სპეციალობთ. მარიამიც იმავე უნივერსიტეტის სამშენებლო საინჟინრო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. თავისუფალ დროს ვერთობი ხელსაქმეებით. მიყვარს ქარგვა, ქსოვა და სამკაულების აწყობა.
–როგორი ხართ თეთრ ხალათს მიღმა? რის მიხედვით ირჩევთ სამეგობრო წრეს?
ემა ანთია: თეთრ ხალათს მიღმა ჩემი სამყარო მაქვს მეგობრებთან ერთად. მეგობრებს სტატუსის მიხედვით არ ვირჩევ, ჩემი სამეგობრო წრე, ჩემი სულის ნაწილია.
თინათინ ჯაბუა: როგორი ვარ? როგორიც თეთრი ხალათის შიგნით, ყურადღებიანი, აქტიური და მხიარული. მეგობრებს ვარჩევ ჩემი ხასიათის მიხედვით, კერძოდ უღალატოებს, ერთგულებს და არა შურიანებს.
-ადამიანის თვისებებში, რა არ მოგწონთ და რას ვერ პატიობთ ადამიანს?
ემა ანთია: ტყუილს ვერ ვპატიობ ადამიანს.
თინათინ ჯაბუა: ვერ ვპატიობ ორგულობას, ღალატს, ტყუილს და უპასუხისმგებლობას.
–ქალებს უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი, თქვენ როგორი მზარეული ხართ?
ემა ანთია: მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი კერძებიც გამომდის.
თინათინ ჯაბუა: ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, შემიძლია მთელი დღე ვიტრიალო. არ ვიღლები კერძების მომზადებით.
–რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
–თინათინ ჯაბუა: ზუგდიდელებს სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და გამთლიანებას ვუსურვებთ.
ემა ანთია: პანდემიის ჟამს გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვთვლი, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენგანი აცრას.
მასალა მოამზადა როზა როგავამ