“მათ არ უბრძოლიათ “ვინტოვკით”


  • -ამბობს 2008 წლის აგვისტოს  ომში დაღუპული ჯარისკაცის სერგეი გოროზიას დედა მზია  გოროზია და ითხოვს, კორექტივა შეიტანონ დღეს, ზუგდიდში, 8 აგვისტოს გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე ჯარისკაცების გამოსახულებაში.

“მე აქ სამამულო ომის გმირებს ვხედავ. პატივი მათ ჩემგან, მაგრამ ეს ძეგლი უნდა იყოს უფრო თანამედროვე, არ უნდა იყოს ბეტონის. გარდა ამისა, მათ არ ეცვათ ჩექმები და არც “ვინტოვკით” უომიათ. არც ამ სივრცეს უხდება ეს მემორიალი. ძალიან “ტიტველია” აქაურობა. გამოსახეთ ისინი ისეთები, როგორებიც წავიდნენ ომში.  აქ მე 45 წელს ვხედავ, უნდა იყოს 8 აგვისტო. თქვენ ოთხი გმირი გყავთ და შეიფერეთ ისინი.”

მზია გოროზიას არც მემორიალზე გაკეთებული წარწერების ზომა მოსწონს, ამბობს, რომ უნდა იყოს უფრო დიდი და არა “მიკროსკოპით წასაკითხი”.

მემორიალის პროექტის ავტორის, მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიას განმარტებით,  ჩექმები, რომელიც ჯარისკაცებს მემორიალზე აცვიათ,  მოკლე,  „ბატინკის“ ტიპის ჩასაცმელია და ზოგადად, მემორიალი მეომრების ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს და არა კონკრეტულად ინდივიდების.  „სტელაზეა რელიეფები გამოსახული, რაც გამოხატავს მეომრებს, ოთხი ერთი, ოთხი მეორე მხრიდან. არიან როგორც 2008 წლის მეომრები, ასევე ძველი მებროლები.”

რაც შეეხება მემორიალის ფაქტურას, რომ ის ბეტონისაა და არა ბრინჯაოსი, ჯიქია ამბობს, რომ მერიისგან გამოყოფილი თანხა ბრინჯაოს ქანდაკების შესაქმნელად საკმარისი არ იყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გეგა შენგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ალბათ შესაძლებელი იქნება მემორიალში მცირე კორექტივის შეტანა, თუ ოჯახთან ერთად საზოგადოებაც დაუჭერს ამ აზრს მხარს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!