დღეს, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ოფისში, ზუგდიდის ყოფილმა მერმა ბრიფინგი გამართა. მან საზოგადოებას მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა და ბოდიში მოუხადა სიცრუის და ფაბრიკაციის ტირაჟირებისთვის, რომლის გაჟღერებაც, მისი თქმით, ბოლო დროს, მიზანმიმართულად ხდებოდა მის მიმართ.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ. ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამოდინარე, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.”- განაცხადა ლაშა გოგიამ.
ლაშა გოგიას განმარტებით, ის გადადგა მერის პოსტიდან, რათა არავის ჰქონოდა კითხვა, მისი თანამდებობაზე ყოფნით, საქმის გამოძიებაზე, რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით. “ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა საჭირო იყო ჩემი პრინციპებისა და სიმართლის დამტკიცებისთვის”.
“როგორც იცით, ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს, ჩეხეთში, სამსახურეობრივ მივლინებაში, ვიმყოფებოდი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი დღეს, ორშაბათს ვიყავი დაბარებული, თუმცა ჩამოსვლისთანავე ჩემივე მოთხოვნით მივედი სუს-ში. ამ საქმესთან რაიმე სახის, მცირე კავშირიც, რომ მქონდეს თავს დამნაშავედ ვთვლიდე, შემეძლო დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა, პირიქით, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საგამოძიებო ინსტიტუტებთან აქტიუარდ ვიტანამშრომლო.”-განაცხადა ყოფილმა მერმა.
ლაშა გოგიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რჩება გუნდში. “ვრჩები გუნდში, ქართული ოცნების დაარსების დღიდან ვიყავი და ვიქნები მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი. აქვე ვაცხადებ, ვრჩები პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თამჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება.”
ლაშა გოგიამ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს. “მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს- ჩემ ამომრჩევლებს, რომლებმაც მომცეს მანდატი, ვყოფილიყავი ჩემთვის საუკეთესო ქალაქის მერი. მადლობა ჩემს თანამშრომლებს ერთად განხორციელებული ამბიციური პროექტებისთვს, მადლობა სამოქალაქო სექტორს, მედიას ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის. მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და მე დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. დროებით…” -თქვა ლაშა გოგიამ.
შეხვედრის ბოლოს, ყოფილმა მერმა ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხი არ გასცა.