- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეხმაურება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილს კორონავირუსთან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, ეს გზავნილი დეზინფორმაცია.
“უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს: ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას, ნუ აჰყვება პანიკას! საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე! ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ: არ აჰყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს”, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.