ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ (ყოფ. ი.ქ. კ. სახლი) ქალაქში მოღვაწე ხანდაზმულმა ხელოვანებმა და ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა კონცერტი გამართეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ხანდაზმულებს ეს დღე მიულოცეს.
ღონისძიება გერმანული ორგანიზაციის „სამარიტელ მუშაკთა კავშირისა“ და პარტნიორი ორგანიზაციების – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთის“, იძულებით გადაადგილებულ ქალთა მოძრაობის „თანხმობას“ ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 94 მარტოხელა ხანდაზმული ადამიანი ფულადი დახმარებით, 100-100 ლარით დააჯილდოვა.
გაეროს მსოფლიო ანსამბლეამ 1990 წელს 1-ლი ოქტომბერი ხანდზამულთა პრობლემებისთვის მიძღვნილ დღედ გამოაცხადა. საქართველოში ამ დღეს 2003 წლის 27 სექტემბრიდან აღნიშნავენ.