- კობა შონია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის და ჯიხაშკარის, ასევე, მესტიის სოფელ ლახამულისა და ნაკრის საჯარო სკოლების პედაგოგი გახლავთ, ასევე ძველი თაობის “სარკმელელი”. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ კარგი პედაგოგი მოსიყვარულე, მიმტევებელი და უანგაროდ მზრუნველი უნდა იყოს.
ორიოდ სიტყვით თქვენს შესახებ…
-უმაღლესი განათლების გზას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში დავადექი. შემდეგ აწგარდაცვლილ პროფესორების, ბატონების: თენგიზ მეუნარგიასა და ვახტანგ კვარაცხელიას დიდი მოწადინებით, დედაუნივერსიტეტში გადავინაცვლე და 2005 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი წარჩინებით დავასრულე. იმავე წელს, თბილისის სასულიერო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი, მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ლექტორი, პროფესორი გრივერ ფარულავა გვასწავლიდა. აკადემიის სხვა ჯგუფთან მოუყოლია, აქ ერთი ახალგაზრდა სწავლობს, რომლის უნივერსიტეტიდან წამოსვლაზე მისი მეცნიერ-ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ მეუნარგია და დეკანი, პროფესორი ლაზარე ზამბახიძე ცრემლით საუბრობენო. ასეთი მათემატიკური ალღო და თვალსაწიერი მილიონშიც კი ერთეულებს აქვთო.
–როგორ დაიწყო თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა?
-დედა თვლიდა, რომ შვილის განათლებაზე ზრუნვა საუკეთესო დაბანდებაა, თუმცა რესურსები დიდ გასაქანს არც აძლევდა. როგორც გითხარით, საბედნიეროდ, პედაგოგებში გამიმართლა. საოცრად მზრუნველი ადამიანები შემხვდნენ და ცოდნის წადილი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მოსაფერებელი ბევრია, მაგრამ განსაკუთრებით ონისე ჩიტაიას და დიანა როგავას ამაგი მომყვება. დიანა მასწავლებელი ისე გავიდა წუთისოფლიდან, რიგიანად ვერც მოვეფერე. მახსოვს, ხშირად იდგა ტაძრის ყველაზე მყუდრო კუნჭულში, ან სულაც გარეთ იდგა თავჩახრილი. ბევრჯერ მიგრძვნია, მოსწავლეების მომავალსაც, რომ ავედრებდა მამაზეციერს. ვინ იცის, იქნებ მისმა ლოცვამაც ამარიდა უამრავ განსაცდელს და ჩემი ცხოვრებაც სკოლას და ეკლესიას მიაჯაჭვა. მართალია, მისი სურვილი ბოლომდე ვერ აღვასრულე, ფილოლოგობა ვერ გადავწყვიტე, მაგრამ უკვე 10 წელზე მეტია მასწავლებელი მქვია. ახლა უფალს მე ვესაუბრები მის უანგარობასა და სიკეთეზე.
მეგობრების წაქეზებით, მოსწავლეების მომზადება გავბედე. კიდევ ორიოდე წელში კერძო სკოლიდანაც შემომთავაზეს მათემატიკის მასწავლებლობა – გვსმენია თქვენზეო. აქ კარგი გამოცდილება მივიღე და 2016 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ საჯარო სკოლაშიც შევაბიჯე. არ ვფიქრობ, რომ კარგად გამომდის, მაგრამ ვცდილობ, სამინისტროს მოთხოვნები, ის, რაც ჩემი შეხედულებით არის სწორი და ის, რაც მოსწავლეს დღეს უნდა, როგორმე მოვარიგო ერთმანეთთან.
–რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს მასწავლებელი?
-ვერ გეტყვით, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს პედაგოგი, უბრალოდ არ ვიცი. მაგრამ ერთს გეტყვით, პედაგოგმა ცოდნის სამყაროში უნდა ასეირნოს ბავშვი. არც შეაწუხოს, არც გადაღალოს, არც თავი მოაბეზროს. უბრალოდ, ახლოს იაროს და როცა ბავშვს კითხვები გაუჩნდება, მზად იყოს გააზრებული და მისთვის გასაგებად ნათქვამი პასუხები შესთავაზოს. ვფიქრობ, “კარგი პედაგოგი” მოსიყვარულე, მიმტევებელი, უანგაროდ მზრუნველი უნდა იყოს.
–გახსოვთ პირველი გაკვეთილი?
-პირველი გაკვეთილის გახსენებაზე მეცინება. მაშინ გაკვეთილი საკუთარი ცოდნის ეფექტურად წარდგენის ასპარეზი მეგონა და ნახევარ საათზე მეტი შეუსვენებლად “ვაფრქვევდი სიბრძნეებს“ და მრავალმხრივად და სიღრმისეულად ვხსნიდი მათემატიკურ წესებსა თუ ამოცანებს. ბოლოში ისეთი სახეებით ისხდნენ, გამოცდილი კაცი ამოიკითხავდა, ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ “ჯიგარი“ ხარო. დაასკვნეს, რომ მცოდნე ვარ, მაგრამ დიდი ვერაფერი ვარგე მათ ამ “პრანჭიაობით“.
–განათლების სისტემაში ბევრი რეფორმა განხორციელდა. მთავარ გამოწვევად რა რჩება დღემდე?
-სისტემური ხედვით არ გამოვირჩევი, მაგრამ მაინც ვიტყვი: უკვე ათწლეულებია, ადამიანები ვერ ხედავენ კავშირს ცოდნასა და წარმატებას შორის, კეთილსინდისიერებასა და ადამიანურ პირობებში ცხოვრებას შორის. ამიტომაც, მოზარდს უჭირს გააკეთოს არჩევანი ცოდნის, კეთილსინდისიერებისა და წესიერების სასარგებლოდ. საქსტატის ინფორმაციით, განათლების სისტემის მუშაკთა საშუალო ხელფასი ყველაზე დაბალია ქვეყანაში. შედეგად, ეს სისტემა არ გახლავთ საუკეთესო კურსდამთავრებულთა მიზიდულობის ცენტრი. მანიპულირებენ ის ადამიანები, ვინც გვარწმუნებენ, რომ მაღალი ხელფასი არ გარდაქმნის მასწავლებელს კარგ პედაგოგად. მაღალი ხელფასი სისტემაში მოიზიდავს კარგ კადრებს. კარგი კადრები კი ბევრს შეცვლიან კარგი მენეჯერების ხელმძღვანელობით.
–რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ გამოწვევად და ასევე დიდ მიღწევად?
-გამოწვევად მივიჩნევ, ქარტეხილების მიუხედავად ვცდილობ შევძლო, დავრჩე სამართლიანობის, პიროვნული ღირსების, ოჯახის და საკუთარი პრინციპების ერთგული. დიდ მიღწევად ის მიმაჩნია, რომ არცერთი წარმატება არ ჩამითვლია მხოლოდ ჩემად. ვცდილობ, მუდამ მახსოვდეს და დავაფასო ადამიანები, ვინც წვლილი შეიტანა ჩემად ჩათვლილ გამარჯვებებში. დღემდე მადლიერებით ვიღებ დახმარებისთვის გამოწვდილ ხელს და არ ვთვლი, რომ ეს დავიმსახურე.
–ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის პროექტების მხარდამჭერი ხართ. ხშირად გხვდებით მათთან. მერე გავიგე, ყოფილი “სარკმელელი“ ხართ…
-ყოფილი? ჰმ! “სარკმელი“ იყო შავ-თეთრი წლების ფერადი დღეები. ვფიქრობ, აქ გატარებულმა წლებმა დიდწილად განსაზღვრა ჩემი გასავლელი ცხოვრების მთავარი ხაზი. ერთი ამბავი მახსენდება და მეღიმება: საბურთალოზე მაცხოვრის ამაღლების ტაძარში მეწვია ჯგუფელი სასულიერო აკადემიიდან და სიძე გამაცნო. სხვათაშორის, ზუგდიდელიაო. რა გვარია მეთქი. აფაქიძეო. აფაქიძე მეგობარი მყავდა, რომანი ჰქვია მეთქი. რომანია ესეცო. გაკვირვებული და დაბნეული თვალები მახსოვს… რომანი პირველი თაობის სარკმელელი იყო და პირადად არასოდეს მენახა, მაგრამ გაზეთ “სარკმელში“ დაბეჭდილი მისი ნამუშევრები გულს მითბობდა. ასევე კლუბ “სარკმელის“ პატარა ოთახში კედელზე იყო გაკრული მისი ლექსი და ორი წელი კვირაში სამჯერ შევავლებდი ხოლმე თვალს. ჰოდა, ჩემთვის მეგობარი და მრჩეველი იყო, მე ასე ვთვლიდი. გულიანად იცინა, როცა მოისმინა. „სარკმელმა“ მასწავლა ფიქრი, გამართულად (მეტნაკლებად) წერა, კრიტიკულად აზროვნება.
–მრავალშვილიანი მამა ხართ.
-მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. ბევრი და-ძმა რამდენადაც მრავალი საზრუნავის და სადარდებლის წყაროა, ასევე დიდი სიხარულისა და ბედნიერებისაც. ვერ წარმომიდგენია მცირე ოჯახში ცხოვრება. ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, მყოლოდა ბევრი შვილი. ბაბუასაც 5 შვილი და 8 და-ძმა ჰყოლია. მის ბაბუასაც დიდი ოჯახი ჰქონდა და ასე შემდეგ.
ჩემმა მეუღლემ ნატალია კვიციანმა თავიდანვე იცოდა ჩემი მრავალშვილიანობის სურვილის შესახებ და ეს ერთგვარი შეთანხმება იყო ჩვენს შორის. თავად ეკლესიის მსახური – მედავითნე და მგალობელი გახლდათ. მეც 4 და-ძმა მყავს და არ მაშინებსო, გამომიცხადა. მოძღვარს რომ გავაცანი, ჩემდა გასაკვირად, ჩემივე თანდასწრებით დაიწყო ჩემი “ლანძღვა“. ამას რთული ხასიათი აქვს და ძნელი გასაძლები იქნებაო. მიყვარს და ყველაფერს გადავლახავო, არ შეეპუა ნატაც. ჰოდა, ახლა რომ მორთავს წუწუნს, ვახსენებ ხოლმე მისსავე სიტყვებს. პირველი ვაჟი გაბრიელი განსაკუთრებული ზრუნვისა და ყურადღების ობიექტი იყო. პირმშოობის გამოც და იმიტომაც, რომ მაშინ მეც ნაკლებად დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა და ნატასაც. შემდეგ ხატია, თეოდორა და მარიტა წამოგვეწივნენ. მალე, კიდევ ერთი წევრი შემოგვემატება ღვთის მადლით. გაბრიელს ძალიან უხარია, რომ ძმაც ეყოლება. გაისად სკოლაში მიდის და ერთი სული აქვს, როდის ასწავლიან მეტს, ვიდრე დედ-მამამ სახლში შეძლო.
–როგორ ფიქრობთ, წარმატებისთვის აუცილებელია…
-არ ვიცი, ვერ მოგატყუებთ. ამ დროში წარმატება რას შეიძლება ეწოდოს, ვერც ეგ გავიგე. რა გზებით მიიღწევა, ვერც ამას მივხვდი.
–სამომავლო გეგმებზეც მითხარით…
-მომავალში, პედაგოგობას სამოძღვრო მოღვაწეობა მინდა შევუთავსო. ისტორიულ ჩანაწერებში წამიკითხავს, 1921 წელს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის კვლავ გაუქმებისა და გასაბჭოების შემდეგ მტრის მიერ გამოცემული პირველი დეკრეტის არსი სახელმწიფოსაგან ეკლესიის სრული გამოყოფა და საგანმანათლებლო სივრციდან მისი სრულად მოკვეთა გახლდათ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და საქართველომ დამოუკიდებლობა ფორმალურად მაინც დაიბრუნა. იმედი მაქვს, მებრძოლ უღმერთოთა კავშირის სულიერი მემკვიდრეები ისე არ მძლავრობენ დღეს ჩვენს ქვეყანაში, რომ საეკლესიო მსახურების გამო სკოლიდან კომპიუტერული ტექნოლოგიების (და არა რჯულის) მასწავლებლის დათხოვნა გამოუვიდეთ.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ