- ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას მოუწოდა, ნაკლები ჭამონ 2025 წლამდე, ვიდრე ქვეყანა ჩინეთთან საზღვარს სრულად არ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფალი აზია“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა საკვების ნაკლებობას უკვე განიცდის. „კოვიდ-19“-ის გავრცელების აღსაკვეთად, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს ჩაკეტა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას დარტყმა მიაყენა. ჩრდილოეთ კორეაში ყოველდღიურ საქონელზე ფასები რეკორდულად იზრდება და მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა. საკვების დეფიციტში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება საგარეო ფაქტორებს ადანაშაულებს, მათ შორის სანქციებს, ბუნებრივ კატასტროფებს და „კოვიდ-19“-ის პანდემიას.
მიმდინარე წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, გასული საუკუნის 1990-იან წლებზე უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობისთვის მომზადებულიყვნენ.