კაცი, რომელიც შეყვარებულია თავის ქალაქზე


“ზუგდიდელების” სტუმარია ლოტბარი ბესიკ ჭითანავა.
-„დავიბადე ზუგდიდში. ექვს დედმამიშვილში, შუათანა ვარ. მშობლები იყვნენ მელანია კვარაცხელია და აკაკი ჭითანავა. მამა ადრე დაგვეღუპა. დედას მარტოს არ შესწევდა ძალა ოჯახს გასძღოლოდა და მომიწია საოჯახო საქმეების კეთება. მოგვიანებით, ჩავაბარე პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში, საიდანაც დაიწყო ჩემი გზა ფოლკლორისკენ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პირველ მასწავლებელს ბატონ ორდენ ლეთანძეს, ასევე ბატონ რეზო ბულიას, რომელმაც მიმიყვანა ანსამბლ „ჩელაში“ და გამაცნო ვახტანგ (ვოვა) ჯორჯიკია. ვოვამ მომისმინა და თქვა, პირველი ხმა არისო. იყო ასეთი პიროვნება ვალიკო გეგეჭკორი, რომელმაც მითხრა, მოდი, შვილო, შენი ადგილი ჩემს გვერდით არისო. იყო ასეთი პიროვნება ვალიკო გეგეჭკორი, რომელმაც მითხრა, მოდი, შვილო, შენი ადგილი ჩემს გვერდით არისო, არსად გაგიშვებო. ვუკრავადი ხალხური საკრავების ორკესტრში, ქალბატონ ლუარა ქირიასთან და მამუკა ჯიქიასთან ერთად გვქონდა ტრიო რეჟისორი როსტომ ყენია, შეფასების დროს, ამბობდა „კანფეტია, კანფეტი“-ო. სადაც კი, გამოვდიოდით, ძალიან განებივრებულები ვიყავით. ჟიური და მაყურებელი თბილი სიტყვებით და მხურვალე აპლოდისმენტებით გვაცილებდა. ნებისმიერ საქმეში, ყოველთვის, ვცდილობდი, მნიშვნელოვანი და ღირებული წვლილი შემეტანა და მიხარია, ამქვეყნად, თუ შევძელი სასიკეთო საქმეების კეთება“.
არაჩვეულებრივი ლოტბარი ხართ. ოჯახში ვინმე თუ მღეროდა?
– ბებია რაისა წოწონავა მღეროდა ძალიან კარგად. გიტარაზეც უკრავდა. მღეროდა ასევე დედ-მამა მუსიკალური ოჯახი გვქონდა. ძალიან ბედნიერები ვიყავით, სანამ მამა გარდაიცვლებოდა. ჩვენთან სახლში, `ზალაში~ სამოცი ადამიანი ეტეოდა, გვქონდა პიანინო, ფანდური, ჩონგური. მეგობრები, მთელი სანათესავო, ჩვენთან იკრიბებოდა, იშლებოდა სუფრები. მამა ხელგაშლილი ადამიანი იყო, მახსოვს, ერთხელ ბაზრიდან მოიტანა 22 კგ. საზამთრო და თქვა-ამაზე დიდი არ იყოო. უხაროდა სტუმრის მიღება და პატივისცემა.
– ბატონო ბესო, დიდი ხანია ფოლკლორის სახლს აშენებთ…
– დიახ. ფოლკორის სახლის აშენება უკავშირდება მომავალი თაობების აღზრდას. ძალიან მინდოდა, ზუგდიდში, ყოფილიყო ფოლკლორის სახლი, ოცნებად მქონდა. დიდი შრომა და ენერგია დამჭირდა, იმისათვის, რომ დღეს, ამ შენობას, ასეთი სახე ჰქონოდა, მიუხდავად იმისა, რომ სარემონტო სამუშაოები ბოლომდე არ არის დასრულებული. აქ რასაც ხედავთ, დიდი წვალების და სიყვარულის შედეგია. ნახევარზე მეტი აგური ნაგავსაყრელიდანაა გამოტანილი, გარეცხილი და შუაზე გახერხილი. მე რომ ახალი აგური მეყიდა, ამის ფინანსები და შესაძლებლობა არ მქონდა. დღესაც, ვაგროვებ ძველ ავეჯს, ხან მჩუქნიან, ხან იაფად ვყიდულობ. ვცდილობ, სახლს ყოველ დღე რაღაც ახალი შევძინო და დავამატო. ჩემთან ორი ანსამბლი „იანარი“ და „მერეხი“ მეცადინეობს, ძალიან ბევრს შრომობენ, საუკეთესო ანსამბლებია, მაგრამ სამწუხაროდ, დაფინანსება არ გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ფოლკლორის სახლის აშენებაში. საფრანგეთში ყოფნის დროს, ქალბატონმა მადამ პერსმა 200 წლის კორსიკული კარადა მაჩუქა, ჩამოვიტანე და საპატიო ადგილიც მივუჩინე, ამის გარდა, 200 წლის თეფშიც მაჩუქეს. გასაკეთებელი ძალიან ბევრია, მაგრამ უსახსრობის გამო, ვერ ვახერხებ სამუშაოების ბოლომდე დასრულებას.
-ფოლკლორის სახლს, ალბათ, ცნობილი სახეები სტუმრობენ, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც…
-სტუმრები გვყოლია ინგლისიდან, შვეიცარიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, კანადიდან და იტალიიდან. სტუმრებს ვუმასპინძლდებოდით ჩვენი კერძებით, მათ ძალიან მოსწონდათ ჩვენი სამზარეულო. როცა სტუმარს ეხება საქმე, ძალიან პრეტენზიული და მომთხოვნი ვარ. ვფიქრობ, სტუმრის მისაღებად შენ გამოგარჩია ღმერთმა და მასპინძელიც საკადრისად უნდა დახვდეს. სტუმარს განსაკუთრებული დახვედრა უნდა მოუწყო და ისეთი გარემო უნდა შეუქმნა, როგორსაც შენი ქალაქი იმსახურებს. ჩვენთან ყოფნა სტუმრებს უხარიათ, ეს ჩემთან საუბარში ბევრჯერ აღუნიშნავთ და მეც ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ჩვენგან კმაყოფილები მიდიან. ხშირად გვსტუმრობს პრინცესა მიურატი, რომელსაც ძალიან მოსწონს ჩემი ნახელავი,-მეუბნება, შენაირ „გებჟალიას“ არავინ აკეთებსო. პრინცესა ჩემი ნათლულია და უნდა მასიამოვნოს.
ბატონო ბესო, რას გვეტყვით თქვენს მიერ ჩამოყალიბებულ ანსამბლებზე?
– ჯარში წასვლამდე, ორსანტიის საშუალო სკოლაში ჩამოყალიბდა 90 მოსწავლისაგან შემდგარი მომღერალთა გუნდი. მერე ჯარში წამიყვანეს, სადაც ვაგრძელებდი სიმღერას, როგორც კი ჩამოვედი ქალბატონმა ნარგიზა კალანდიამ, რომელიც იმ დროს განათლების განყოფილების გამგე იყო გამაგზავნა ყულიშკარის საშუალო სკოლაში ქალბატონ ნორა მირცხულავასთან, სადაც შევქმენით ასბავშვიანი ვაჟთა ფოლკლორული გუნდი მერეხი. ძალიან მოკლე მონაკვეთში მერეხმა სამთავრობო კონცერტში მიიღო მონაწილეობა და კონცერტის დამთავრებისთანავე ქალბატონებმა: ნათელა ფიფიამ, მიმოზა თოდუამ, როზა ჭითანავამ და ნარგიზა კალანდიამ მთხოვეს ჩამომეყალიბებინა რაიონის სკოლების ბაზაზე ბიჭუნათა ფოლკლორული ანსმაბლი `მახარია~. შემდეგ იყო ანსამბლი „მახარე“ გალში. სხვათაშორის, გალში, ბატონ ვახტანგ ყოლბაიას თხოვნით წამიყვანეს და იქ ვმუშაობდი გარკვეული წლების განმავლობაში. დიდი ხელშეწყობა მქონდა ქალბატონი მერი გეგეჭკორისაგან, რომელიც გალის განათლების განყოფილების გამგე იყო. დღეს, ამ საქმეს, გალში აგრძელებს ჩემი ნამოწაფარი ბესიკ ჯუმუტია. კიდევ მყავდა ბიჭუნათა ანსამბლი „მაჭირხოლი“. მახსოვს, ჩვენს კონცერტებს ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა. მაყურებელი ოვაციებით გვხდებოდა. ხშირად დავდიოდით გასტოლებზე.
თქვენს კულინარულ მიღწევებზე ბევრს საუბრობენ. მაყურებელმა გიხილათ პროექტ „ჩემი სამზარეულოს წესებში“, შემოთავაზება ვისგან მიიღეთ?
– პროექტში მონაწილეობის მიღების იდეა, ქალბატონ მაია კალანდიას ეკუთვნოდა. მე არც კი ვიცოდი პროექტის შესახებ. მაიამ დამირეკა, გადაიღო პატარა ვიდეორგოლი და გააგზავნა. ქასტინგზე დაგვიბარეს. მოვეწონეთ და აგვირჩიეს ექვსი წყვილი. ჩვენ ვეცადეთ, სამეგრელო ღირსეულად წარმოგვეჩინა, მართალია, პროექტში პირველი ადგილი ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ მაყურებლის დიდი სიყვარული და მოწონება დავიმსახურეთ. პროექტს ღირსეული გამარჯვებული ჰყავს,- კახეთის წარმომადგენლები.
-ბატონო ბესო, სუფრის გაწყობისას თქვენი წესები გექნებათ?
– ჩემი კულინარიული ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა ხშირად ჰქონია საზოგადოებას, ხელოვნების ნიმუშების გამოფენასთან ერთად. ხშირად ვაწყობდი ჩემი ნაქარგების გამოფენას და ალაფურშეტსაც თავად ვაკეთებდი. ძალიან მიყვარს სტუმარი. სანამ სტუმარი სუფრას მიუჯდება, ჯერ სასიამოვნო გარემო უნდა შეუქმნა, ხომ გაგიგიათ: „თოლ შუნს დო თოლ ჭკუმუნსია“, პირველი ეფექტი მაინც თვალით დანახულია. ერთი პერიოდი, საქართველოში, მზარეულობა „არაპოპულარული“ საქმიანობა იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყნაში დაიწყო შეფმზარეულების დაფასება.
– ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?
– ჩემთვის მეორე სამშობლოდ საფრანგეთი ითვლება. საფრანგეთის თითქმის ყველა პროვინცია ვიცი. არიან ადამიანები. რომლებიც არ აღიარებენ, მეგრულის გარდა, სხვა სამზარეულოს, რაც არასწორად მიმაჩნია. პორტუგალიაში ვიყავით ფესტივალზე, სადაც ჩემმა ნაქარგებმა გაიმარჯვა. სიმღერისა და ცეკვის კონკურსში, ხელსაქმე, საგალობელი და კულინარია ოთხივეში ავიღე პრიზები. განსაკუთრებით გამოვყოფდი კულინარიას. ხელსაქმეში წარმოდგენილი გვქონდა ნაქარგობა. ფესტივალზე მოვამზადეთ ველუგას და ორაგულის საცივი, ხინკალი, ასევე ნიგვზიანი ბადრიჯანი. მასპინძლებს ძალიან მოეწონათ ჩვენი ნახელავი, რესტორანში თითქმის ყველა ქალბატონმა ჩაიწერა ნიგვზიანი ბადრიჯანის მომზადების რეცეპტი.
ისე, ბატონო ბესო, თქვენი საყვარელი კერძი რომელია?
– ძალიან მიყვარს ხორციანი ფლავი. ჩემს მეგობარს როინ ძაძამიასაც უყვარს და ხშირად ვამზადებთ. მსუბუქია, არაქართული, მაგრამ… ლობიოც მიყვარს. ხახვი, ტომატი, პამიდვრის წვენი და ბრინჯი თუ მაქვს, მე, ფაქტიურად, მშიერი არ ვარ. –
თქვენ მცენარეების მოვლითაც ხართ დაკავებული…
– მცენარეების მოვლა, ზრუნვა და სიყვარული ბატონ კარლო ჩოკორაიასგან შევისწავლე. მან მასწავლა მცენარეების გამრავლება და დაკალმება. თავის დროზე, ბატონ კარლოს ვაჟთან, ირაკლისთან ერთად, ვმუშაობდი. ირაკლი შესანიშნავი დეკორატორი გახლავთ. სამსახურიდან გამომდინარე, მოგვიხდა საფრანგეთში წასვლა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები შევისწავლეთ მცენარეებზე. საფრანგეთიდან პირსახოცში გახვეული სველი ტოტები ჩამოვიტანეთ. მაშინ ცაიშში მქონდა სათბურები და მცენარეებს იქ ვაკალმებდი. ზუგდიდში არის ეზოები, რომელიც ჩემი გაკეთებულია. შარშან გვყავდა ირლანდიელი მებაღე სტუმარად. გადავწყვიტე, მიმეყვანა იმ ოჯახებში, სადაც ეზოები ჩემი დეკორაციით იყო გაკეთებული. ძალიან მოეწონა, აღფრთოვანებული იყო, გაკვირვებულმა მითხრა, ზუგდიდი რა მდიდარი ქალაქი ყოფილაო. ძალიან ბევრი გააკეთეს დადიანებმა, დასაბამი დაუდეს საბაღო ხელოვნებას უცხოელი მებაღეები რომ ჩამოიყვანეს. ეზოს კულტურა ჩვენს ქალაქში და რეგიონში მოწოდების სიმაღლეზე დგას. შეიძლება მეგრელმა პური არ იყიდოს, მშიერი დარჩეს და მის ნაცვლად ნერგი იყიდოს, დარგოს, მოუაროს, გაახაროს, და ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს. მინდა, ახალგაზრდებს მივმართო: დარგონ ხე და მოუარონ მას, რადგან ხეს მოაქვს ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივება.
– თქვენ ხატმწერიც ხართ…
– ვხატავ, ვგალობ, ოცდაათამდე სიმღერისა და ხუთი საგალობლის ავტორი ვარ, ხანდახან ლექსებსაც ვწერ. რამდენიმე საგალობელის ავტორი ვარ, ვქარგავ ხატებს, პეიზაჟებს… თვითნასწავლი ვარ, არსად არ მიმიღია სპეციალური განათლება. ყველაფერი ჩემით შევისწავლე. პირველად, ფერადი ძაფებისგან მოვქარგე ჯვარი და დაბადების დღეზე საჩუქრად მივართვი ბატონ პანტელეიმონ ბოჯგუას,- ცნობილ პედაგოგს და ლოტბარს. რაც შეეხება გამოფენებს, პირველი გამოფენა ზუგდიდში მქონდა, მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც გავრისკე. შემდეგ, თბილისში საერთო გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა. მოგვიანებით, საფრანგეთში. პარიზში, ჩვენს საელჩოში, სტუმრებს ჩემი გაკეთებული ალაფურშეტით გავუმასპინძლდი. ამის გარდა, საფრანგეთში, ქართულ სამზარეულოზე გაკვეთილებს ვატარებდი. ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი ცოდნა, გამოცდილება და ქართული ტრადიციები გამეზიარებინა.
რამდენიმე ენასაც ფლობთ…
– ფრანგული, რუსული, ცოტა თურქულსაც ვახერხებ. ძალიან ვწუხვარ, რომ არ ვიცი აფხაზური და სვანური. ქართველმა კაცმა ეს ორი ენა აუცილებლად უნდა იცოდეს. ვფიქრობ, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს სვანური და მეგრული ენები. ყოველთვის მშურდა კოდორის ხეობის მცხოვრები სვანების, მათ მეგრულიც, სვანურიც და აფხაზურიც იციან.
– თქვენ ქალაქის გამწვანებაშიც მიგიძღვით წილი… როგორც ვატყობ არქიტექტურის ნიჭიც გაქვთ…
– მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამშენებლო განათლება არ მაქვს, ყველა შენობა რომელსაც ხედავთ, ჩემი დაგეგმარებულია. ჩემს მისამართს როცა კითხულობენ, სტუმრებს ეუბნებიან კომბინატის გზას რომ დაადგებით, უცნაურ შენობებს რომ ნახავთ ყველაფერი ბესოსია.
მიუხედავად იმისა, რომ ღამეები მაქვს ნათენები. ბევრს ვმუშაობდით. სასახლის წინა ბაღი ჩვენი დაპროექტებულია და გაკეთებულია. ძალიან დიდი ეკონომია გავუკეთეთ სახელწიფოს, რადგან დაპროექტებაში ფული არ დახარჯულა. საათობით ვიჯექი დადიანების სასახლის წინა ეზოში და ვფიქრობდი, როგორ უნდა განმეთავსებინა მცენარეები. მაშინ იტალიიდან ჩამოვიტანეთ მცენარეები, მათ შორის 350 წლის ზეთისხილი, რომელიც დარგულია თეატრთან ახლოს. გაიხარა, და დღეს, ამ ადგილის ხშირი სტუმარი ვარ. სტუმრები ჩემთან ხშირად ამბობენ, რომ ამ ქალაქში ჟანგბადზე ვიღაცას უზრუნიაო. თავის დროზე, ჩვენ მოგვიწია ამორტიზირებული ხეების მოჭრა, ხეებისა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ერთი მოჭრილი ხის სანაცვლოდ, 30 ხეა დარგული… ღამეები მაქვს ნათენები ანაკლია-განმუხურის გამწვანების დროს. სამ ცვლაზე ვმუშაობდით, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ახალი ქალაქის ზღვისპირა ზოლის გამწვანების საქმეში.
– თქვენ სიმღერის გაკვეთილები გქონდათ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში…
– საფრანგეთში, ბელგიაში და კორსიკაში მქონდა სიმღერის გაკვეთილები უცხოელებისათვის, მათ შორის აღსანიშნავია სორბონას უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩატარებული პრაქტიკული გაკვეთილი ჩვენი კუთხის ფოლკლორზე.
– ბატონო ბესო, თქვენ გური ოტობაიას მეგრულენოვან ლექსზე „გვიმარა“ სიმღერა დაწერეთ…
-კი, ბატონო, სიმღერა 18 წელზე მეტია დაწერილი მაქვს და არ მეღირსა გაორკესტრება. ვისაც ფული აქვს, შემოქმედებასთან შორს არის, ვინც შემოქმედია მას ფული არ აქვს. გაორკესტრებას ფული უნდა. იმედია, ამის შემდეგ გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაინტერესებული იქნება. სიმღერა შექმნილია სიმფონიური ორკესტრისთვის, შერეული გუნდისთვის და სოლისტებისთვის. ტუროპერატორები მყავდა სტუმრად, მოისმინეს ნამღერი და მითხრეს პირველად ვიტირეო ისეთ სიმღერაზეო, რომლის ტექსტი არ მესმისო. ჩემთვის ამის მოსმენა ძალიან ემოციური იყო. ახლახან, ვნახე ინტერნეტში, 24 ათასი ნახვა ჰქონდა. თავიდან მეგონა ბატონი გურის ულამაზეს ლექსს ვერ ავამღერებდი, რთული ლექსია, რომ წაიკითხო მეგრული კარგად უნდა იცოდე, მაგრამ შევძელი და სიმღერამაც თქვა თავისი სათქმელი. დიდი მადლობა ბატონ გური ოტობაიას ამ არაჩვეულებრივი ლექსისთვის, რომელმაც შთამაგონა დამეწერა სიმღერა, რომლის მოსმენისას თითქმის უმრავლესობას ცრემლები ადგება თვალთ.
ბატონო ბესო, თქვენ დაოჯახებული არ ხართ…
– უოსურე, უსქუე, უფარე დო უჭკუო, ანუ უცოლო, უშვილო, უფულო და უჭკუო უსინდისო კაცი ვარ მე (იცინის). შევრჩი ჯერ ჩემი დედმამისშვილების გაზრდას, მერე სხვისი შვილების გაზრდას. რამდენჯერაც დავაპირე ოჯახის შექმნა, რაღაცამ შემიშალა ხელი. ისე, კი არ დავბერებულვარ, მეც მიყვარდა ბევრჯერ. ახლაც შეიძლება გამოჩნდეს ვინმე და ამ კოშკის დიასახლისობა მოუნდეს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები უკავშირდება ფოლკლორის სახლის ინტერიერის გალამაზებას, სადაც მინდა მქონდეს მინი რესტორანი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი კუთხისათვის დამახასიათებელი კერძების პოპულარიზაციას. ჩამოსულ სტუმარს მიეცეს წარმოდგენა სამეგრელოს კულტურაზე და ზუგდიდურ მასპინძლობაზე. მე მიყვარს ზუგდიდი.
ეკა ფარულავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!