დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. მინისტრის თქმით, გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შეასასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები. „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტია, რომელიც მიბმულია დადიანების სასახლესთან. აქამდე მიდიოდა პროექტირება და დონორების მოძიება, საბოლოოდ მსოფლიო ბანკთან მიღწეული იქნა შეთანხმება, პროექტი დაახლოებით 12 მილიონ ლარს შეადგენს. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უმნიშვნელოვანესი ობიექტი იქნება. ბაღი ტურისტებს მოიზიდავს“.
ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია მიულოცა ზუგდიდელებს ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ. „ეს ადგილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენი ქალაქისთვის და მომავალშიც ასე იქნება. ბოტანიკური ბაღი ყველაზე ლამაზი ადგილი იქნება. მე მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობას”.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ბოტანიკური ბაღის პროექტზე მუშაობა სამი წელი მიმდინარეობდა და დადიანების კომპლექსი სრულფასოვნად იქნება წარმოდგენილი მსოფლიო ასპარეზზე. მისი თქმით, პარკი წარდგენილი იქნება ევროპული პარკების ასოციაციის წევრად, რაც მისი თქმით, ქვეყნისთვის საამაყო იქნება.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.