- ინგა ახალაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის მეორე საბავშო ბაღის მუსიკის მასწავლებელია, პარალელურად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ინგა ლექსებს, სცენარებს და ჩანახატებს წერს.
ინგა ახალაია: თავიდან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ დავამთავრე. გადავწყვიტე მუსიკალური განათლება მიმეღო. დღეს, პატარებთან ვმუშაობ. მომწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებ.
-რაზე წერთ?
-ყველაზე მეტად, ჩემი სამშობლო-საქართველო მიყვარს. ამიტომ, ძირითადად ვწერ სამშობლოზე. ვწერ სხვა თემებზეც. სხვათაშორის, ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს, წერა ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშულებაა. ვფიქრობ, ასეთ დროს, საუკეთესო ნაშრომი გამომდის.
-პირველი ლექსი გახსოვთ?
-დიახ. პირველად ლექსი 7 წლის ასაკში წავიმღერე. დედამ გაიგონა ჩემი შეთხზული ნამღერი და ჩამაწერინა. ეს გახლდათ “თხუპნია მურა”.
-ლექსების კრებული თუ გაქვთ?
-კრებული არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა.
-პოეზიის საღამოები თუ ჰქონიათ?
-ადრე, მქონდა, თბილისში სტუდენტურ-ახალგაზრდული დღეების ფარგლებში. მახსოვს, თავიდან ვღელავდი, ემოციების ქვეშ ვიყავი, მაგრამ ნერვიულობამ თანდათანობით გამიარა. აუდიტორიის წინაშე დგომა სულ სხვა შეგრძნებაა.
-ვინ არის თქვენი გზამკვლევი ლიტერატურაში?
-პირველ რიგში, დედა. ის არის ჩემი პირველი მასწავლებელი და ნიჭის ქომაგი. შემდეგ ჩემი პედაგოგები, პოეტები, მწერლები, რომელთა შემოქმედებაც ჩემთვის ბევრჯერ გამხდარა მუზა.
-საყვარელი პოეტი?
-მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, აკაკი წერეთელი და რა თქმა უნდა, გენიალური გალაკტიონ ტაბიძე.
-ვინ არის თქვენი შემოქმედების შემფასებელი?
-უპირველეს ყოვლისა, ოჯახი, შემდეგ თანამშრომლები და მეგობრები. მათი აზრი, ჩემთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია.
-გავიგე, ბაღში, პატარებისთვის, სიმღერებს ქმნისო…
-დიახ. ეს ძალიან სასიამოვნო და სახალისო პროცესია ჩემთვის. ასევე, მათთვის ვწერ სცენარებს და ჩანახატებს.
ჩემთვის პატარებთან ურთიერთობა საუკეთესო თერაპიაა. თითოელ მათგანში არის, რაღაც გენიალური, რასაც დანახვა სჭირდება, ზოგჯერ ისინი უფრო მეტს გასწავლიან, ვიდრე ჩვენ მათ.
-რომ არა მასწავლებელი, პოეტი, ვინ იქნებოდით?
-ალბათ, მომღერალი, მსახიობი, ან სულაც იუმორისტი.
-სამომავლო გეგმები?
-დიდი სურვილი მაქვს, ლექსების კრებული გამოვცე და საზოგადოებას წარვუდგინო.
…
იცით რა ხდება? რა გვემართება..
გული იმღვრევა და ცრემლად დნება,
ოცნება ქრება, ფიქრები თბება
და ეს ცხოვრება დროს ემართლება,
ხანდახან წამი ბავშვივით კრთება,
სულის ნაწილი ცრემლს ემტერება,
ხან, სიხარული რა ძვირი ჯდება,
ხანაც, იქცევა დარდი ვარდებად,
გულგატეხილი ხან, ხელს ჩაიქნევ,
ხან, ეს ცხოვრება შეგიყვარდება.
…
დრომ ნაწილ-ნაწილ გაიარა სულადი სივრცე,
ემებრძოლება ადუღებულ კრთომის იალქანს …
შეზავხროვებულ გადმონაშთებს უკვე არ მივსდევ,
არ გაოცებას “გულუბრყვილოს” იმიჯით ვფარავ…
ვგონებ აჯობებს უმეცართა ვეგონოთ შლეგი
ვიდრემდის ვცადო ქვა ყინულთა გადმოსულება,
მწამს: იყოს ნეტრად სულ აღზრდილი უკრთომ უდრეკი
ქვა ლოდთა სულის შთამბერი კი არ მეგულება!
ესეა ლოდი: თავის ცივი ნაფიქრის სჯერა,
მას მზე ვერ ათბობს, გვერდით უდგას ზიარს ზიარი…
სად სიცივე და საპყრობაა იქ უფრო ბნელა
გვეშოროს ჰოდა სითბოს შვილებს ცივი ზიანი!
ინგა ახალაია