ილია ჭანტურია “მომავალი ჩვენ ხელშია!”


ბებიაჩემს, მარინა კურილენკოს, დღესაც ჭეშმარიტად სწამს, რომ სტალინი არ გარდაცვლილა, რომ მას ღმერთმა მრავალი წლის სიცოცხლე მისცა და ის და მისი ხრწნამიუკარებელი სხეული ებრაელ ბოლშევიკებს აქვთ გადამალული ყველასგან მივიწყებულ კატაკომბაში. მას სჯერა, რომ სწორედ ამ ებრაელმა ბოლშევიკებმა ჩამოაგდეს დიდი ბელადი და გაიტაცეს.

მამაჩემს, ზაზას, კიდევ ჯაბა იოსელიანის სწამდა და ახლაც სწამს თავისი ჟანგმოდებული კალაშნიკოვის, რომლითაც ერთხელ, ნარკოტიკით გაბრუებულმა, მთელი აბოიმა დაახალა ეკლესიიდან გამოსულ, სვანურ ქუდიან ტიპს. გეგეს კი, რომელიც ახლა, ქუჩაში, ჩემთან ერთად მოდის, ჭეშმარიტად სჯერა, რომ ტანსაცმლით შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე თავისი ხასიათი, თვისებები და ჩივილები გადავიდეს. ის თავის, მეორადებში ნაყიდი ქურთუკის, ყოფილ პატრონს აბრალებს ბოლო დროს მოჩვეულ უძილობას.
-გეუბნები, ასეა. სადღაც, ქართველი “ძენბუდისტების” ბლოგზე წავიკითხე,- ამბობს და სიგარეტის მაგარ ნაფაზს ქაჩავს.
დუმილით ვპასუხობ. გეგე ნასვამია და როცა ნასვამია, ბჟუტურს იწყებს ხოლმე. ის ლაპარაკობს, მე ჩუმად ვარ. ათასში ერთხელ, იმისთვის, რომ არ იფიქროს, რომ არ ვუსმენ, თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ და მსგავს ფრაზებს ვეუბნები: „ჰო“, „აბა, რა“, „კი, ეგრეა“. აი, როცა კითხვას გისვამს, მაშინ უნდა აყვე. ან დაეთანხმო, ან რაღაც უაზრო სიტყვები უნდა თქვა, მოკლედ, რამე ბიძგი უნდა მისცე, მაგალითად ასე: “მგონი… მგონი, მთლად ეგრეც არაა… (აქ ცოტა პაუზა), ანუ… შენ როგორ ფიქრობ, ეგ მითხარი…” მერე თვითონვე აგრძელებს ისევ. არ არის რთული.
გეგეს ბავშვობიდან ვიცნობ. ერთი ქალაქიდან ვართ. პირველად ერთმანეთი “რაზბორკაზე” გავიცანით. ის თავის ბიძაშვილს მოყვებოდა, მე-ჩემს კლასელს, რომელსაც ამის ბიძაშვილთან რაღაც “სპორი” ქონდა. ბოლოს ლაპარაკმა არ გაჭრა და დავცხეთ ერთმანეთს. ვერ მიხვდებოდი ვინ, ვის ურტყამდა. მე გეგე შემხვდა. ხელი ვერ გავარტყით ერთმანეთს და შუა მინდორზე ჭიდაობა დავიწყეთ. ეს რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მე პერანგი გამეხა. ვიღაც გამვლელმა კიდევ, პოლიციას დაურეკა და სირენების ხმაც მალევე გაისმა. „შკოდას“ ორ მანქანაში გაგვანაწილეს. მანქანაში უკან ოთხი კაცი ვისხედით: მე, გეგე, თავისი ბიძაშვილი და მაგის ძმაკაცი, წინ ორი პოლიციელი. გეგე ჩემ გვერდით იჯდა. მახოვს, ის მეოთხე ტიპი გეგეს ბიძაშვილს რაღაცას ეჩურჩულებოდა. ბოლოს თქვა, აქედან “მალალეტკებში” თუ ჩაგვაგდეს, მანდ უკვე “პიზდეცო”. შინაარსი კი ვერ გავიგე, მაგრამ მაგას მივხვდი, რომ რაღაც კარგი არ გველოდა. მთავარ სამმართველოში შეგვიყვანეს. იქ ერთი ზორბა კაცი იყო. ვიფიქრე, ეგ არის უფროსი-მეთქი. დაგვსვა და ყველას სათითაოდ გამოგვკითხა სახელი, გვარი და ასაკი. ოთახში სიჩუმე იყო და ძალიან ცხელოდა. გეგეს ვუყურებდი, ხელს ვერ აჩერებდა, ხან ერთმანეთში იზელდა, მერე გაოფლილ ხელისგულებს შარვალს უსვამდა. გეგეს ბიძაშვილი და თავისი ძმაკაცი შედარებით მშვიდები ჩანდნენ. მე წყნარად ვიყავი, იმიტომ, რომ ვხედავდი, ეს ზორბა კაცი ჩვენთვის ცუდის გაკეთებას არ აპირებდა. ცხელოდა, საშინლად ცხელოდა. ხუთი წუთიც არ იყო რაც იქ ვიჯექი და უკვე გავოფლიანდი, თან ეს ხუთი წუთიც, როგორც არის ხოლმე, საშინლად გაიწელა. კაცი წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა. ალბათ მალე გაგვიშვებენ-მეთქი, ვიფიქრე. რამდენიმე წამში კარი შემოაღო თუ არა, თითქოს ის კაცი არ იყოს, რომელიც რამდენიმე წამის წინ წყნარად გვეკითხებოდა, პირდაპირ ყვირილი დაიწყო. სიჩუმის ასეთმა ძლიერად დარღვევამ, ჩემი სწორ ნაწლავის კუნთი წამში მოადუნა და უკვე ვიგრძენი იქ, უკნიდან რაღაც, ჩემი დიდი ძალდატანება რომ არა, გარეთ გამოვარდებოდა. ამაკანკალა. არ მახსოვს, ეს რამდენ ხანს გაგრძლედა, მაგრამ ყველა ის საშინელება მახსოვს, რაც მაგ ტიპმა გვითხრა. ბოლოს, როგორც იქნა მორჩა და გაგვათავისუფლა. კარში გასვლისას, გეგემ, მიკნავლებული ხმით იკითხა, მშობლებს დაურეკავთო? მშობლები კი არა, დავაი, იდი ნა ხუი, ახლა აქედანო. შეშინებულები გამოვედით. სამმართველოს ჭიშკარს გამოვცდით.
-ბოდიში, რომ პერანგი გაგიხიე,- მითხრა გეგემ,- მე საერთოდ ასეთი არ ვარ… ანუ… ჩხუბი და რამე არ მიყვარს… ეკლესიაში დავდივარ და ჩემმა მამაომ მითხრა ცუდ წრეში არ გაერიოო…
„რა სირია“- ვფიქრობდი მე, საუბრის თავი არ მქონდა და ვუპასუხე – არაუშავს. ხელებზე დავიხედე, გაოფლილი მქონდა.
ჩვენს წინ მაღალი ძელი ასვეტილიყო, რომლის თავზეც დიდი გლობუსი იყო დადგმული, რომელსაც გარშემო მტრედები ეხვია და ჟანგმოდებული ასოებით ეწერა: “მომავალი ჩვენ ხელშია!”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!